კაზაკობა

კაზაკობა (თურქ. – კაზაკი – თავისუფალი ადამიანი), სამხედრო ფენა რევოლუციამდელ რუსეთში. ჩამოყალიბდა XIV–XVII სს-ში რუსე­თის განაპირა ტერიტორიებზე მცხოვრები თავისუფალი მო­სახ­ლეობისაგან. XV–XVI სსში ფეოდ. ექსპლუატაციისა და ბატონყმობის გაძლიერებამ რუსეთისა და პოლონეთ-ლიტვის სახელმწიფოებში გამოიწვია გლეხთა მასობრივი გაქცევა სამხრეთის აუთვისებელ მიწებზე – დონის, დნეპრის, ვოლგის, იაიკის აუზებში. მეზობელი ფეოდ. სახელმწიფოებისა და მომთაბარეების წინააღმდეგ ბრძო­ლის აუცილებლობამ განაპირობა ამ თავისუფალი ხალხის გაერთი­ანება სამხ. ორგანიზაციებში – აღმოცენდა დონის, ვოლგის, დნეპრის (ჩერკასის), გრებენის და იაიკის კაზაკთა გასამხედროებული თემები. XVI ს. I ნახ-ში შეიქმნა ზაპოროჟიეს სეჩი, II ნახ-ში – ციმბირისა და თერგის თემები.

კაზაკები იყვნენ სხვა­და­სხვა ეროვ­ნების წარმომადგენლები (რუსები, უკრაინელები, ყალმუხე­ბი, ბურია­ტე­ბი, ბაშკირები, თათრები და სხვ.), თუმცა მათ აერთიანებდათ თავიანთი ხალხის დაცვისა და გადარჩენის საერთო ინტერესები. კ. სოციალური მდგო­მა­რეობის მიხედვით თავიდანვე არ იყო ერთგვაროვანი. შემდგომი დიფერენციაციის შედეგად წარმო­იშვა ღარიბ კაზაკთა დიდი ფენა, რ-იც აქტიურად მონაწილეობდა რუსეთის ყმა გლეხების სოც. ბრძოლებში; კაზაკთა ზედაფენა (ე. წ. სტარშინები) კი მხარში ედგა რუსეთის თვითმპყრობელობას. XVIII ს. დასაწყისში კაზაკთა თემები გარდაიქმნა ირეგულარულ კაზაკთა ჯარებად. 1721 ისინი სამხ. უწყებას დაუმორჩილეს. 1920 სრულიად რუსეთის ცენტრ. აღმასრ. კომიტეტის დადგენილებით კა­ზაკთა დამოუკიდებელმა სამხ. ფენამ არსებობა შეწყვიტა.

XVI–XVII სს-ში კ-მ მნიშვ­ნე­ლოვა­ნი როლი ითამაშა ოსმალეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძო­ლა­ში. იტალ. მოგზაური პიეტრო დელა ვალე რომის პაპისადმი 1627 წარდგენილ მოხსენებით ბარათში წერდა დნეპრისპირელი კაზაკებისა და სა­ქარ­თვე­ლოს ­ზღვის­პირა რ-ნების მოსახლეობის მოკავშირეობაზე თურქების წინააღმდეგ: „კაზაკები დღეს შავი ­ზღვის ბატონები არიან და ბევრად ძლიერნი... ქართველებს კი, თავის მხრივ, თავიანთი ნავსადგურებითა და უშიშარი თავშესაფარი ადგილებით, რომლებიც ­ზღვის ნაპირას აქვთ, შეუძლიათ დიდი დახმარება აღმოუჩინონ კაზაკებს მათ საქმეში. ქართველებს არაერთგზის გაუყვანიათ სამშვიდობოზე თურქთა მიერ რკალში მოქცეული კაზაკები, ხოლო ამ უკანასკნელთ, თავის მხრივ, მფარველობის ქვეშ ჰყოლიათ ზღვით მოსიარულე ქართველ­თა სავაჭრო ხომალდები".

XVII ს. 40-იან წლებში სამეგრელოს სამთავროსა და დონისა და ზაპოროჟიელ კაზაკთა შორის დამყარდა მეგობრული ურთიერთობა. 1650–51, რუსეთის ელჩის ა. იევლევის მონაცემებით, ლევან II-ს კაზაკები დაუჯილდოებია თურქეთის ფლოტის წინააღმდეგ ბრძო­ლა­ში დახმარებისათვის. შესაძლებელია კაზაკებსა და სამეგრელოს მთავრებს შორის თავისებური სამხ. კავშირიც არსებობდა. ამას ადასტურებს 1647 მეგრელთა მისვლა ერთ-ერთ ციხესიმაგრეში ალყა­შემორტყმული კაზაკების დასახმარებლად.

XVIII ს. გერმ. მოგზაური ი. რაინეგსი გვაწვდის ცნობას სა­ქართვე­ლო­ში კაზაკების დასახლების შე­სა­ხებ. ბამბაკის ქედის დახასიათებისას აღნიშნავს, რომ „ეს ქედები, ისევე როგორც მათი ნაყოფიერი ველები (ხეობები), დასახლებულია ხალხით, რომელიც თავს დონელი კაზაკებიდან წარმოშობილად ­თვლის..."

კაზაკები ხშირად ქარ­თველ­თა ­ზღვისპირა ეკლესიებში ღმერთს სამადლობელს სწირავდნენ და დიდძალ ოქროსა და ვერცხლის ფულს ტოვებდნენ საჩუქრად. ერთი ამგვარი ფაქტის შე­სა­ხებ საინტერესო ცნობას გვაწვდის იტალ. მოგზაური ლუკა ჯოვანი და, რ-იც აღწერს ერთ ­ზღვისპირა ქარ­თულ ეკლესიას: „ტრაპეზზედ იდგა ერთი თეფში სავსე ოქროსა და ვერცხლის ფულით... მღვდელს ვკითხე, ეს ფული ვის შეუწირავს-მეთქი, იმანაც მიპასუხა, რომ კაზაკები, რომლებიც ნავებით... შავ ზღვაში შემოდიან ოსმალეთისა და თათრების დასარბევად, როდესაც მობრუნდებიან ნადავლით, ამ ეკლესიაში ლოცულობენ და სტოვებენ ფულს".

გეორგიევსკის ტრაქტატის (1783) დადების შემდეგ კაზაკების რეგულარული პოლკები იმპერიის სამხრ. საზღვრების დასაცავად კავკა­სიაში გადმოიყვანეს. კაზაკების მყარად შემოსვლა სა­ქარ­თვე­ლო­ში განაპირობა სა­ქარ­თვე­ლოს მოქცევამ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. საიმპერიო კარი ყველა დიდ საომარ ოპერაციას კაზაკთა მეშვეობით ახორციელებდა. ისინი მონაწილეობდნენ ქარ­თლის მთიანეთის (1804), იმერეთის აჯანყებების (1810) ჩახშობაში. კაზაკთა საგუშაგოები იყო მდ. ხობის ­მარცხ. ნაპირზე, მდ. ცივის, ალგეთის (მანგლისი) ხეობებში.

რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებისათვის კ. მთავარ დასაყრდენ ძალას წარმოადგენდა. ასე მაგ., გერმ. მოგზაურის მ. ვაგნერის ცნობით „კათოლიკე მღვდლების სა­ქარ­თვე­ლოდან გა­ძევების დროს, გენერალ-გუბერნატორის ბრძანებით, ისინი კაზაკთა თანხლებით საკმაოდ უხეშად (პირუტყვულად) მიათრიეს უახლოეს ნავსადგურთან და აქ ძალით არეკეს ტრაპეზუნდისკენ მიმავალ გემზე". მ. ვაგნერი შეესწრო სამ­ხედრო ტურნირს თბილისში, სადაც სხვებ­თან ერთად „დონელი ხაზის კაზაკები უჩვენებდნენ მხედრულ ხელოვნებას..." უნდა აღინიშნოს, რომ XIX ს-ში სამხრ. კავკასიის რუსულ პროვინციებში ყველა თანამდებობა კაზაკებს ეკავათ. ისინი სამხ. სამსახურს აქ სამი წელი იხდიდნენ, რ-ის გავლის შემდეგ მათი ნაწილი მუდმივად რჩებოდა სა­ქარ­თვე­ლო­ში. ოჯახის შე­ქმნის შემდეგ კაზაკები თანდათან ქართველდებოდნენ, ზოგიერთმა გვარიც შეიცვალა. ისინი ძირითადად სოფლის მეურნენი და ხელოსნები იყვნენ. XX ს-ში მხო­ლოდ გურიაში კაზაკთა 500 ოჯახი ცხოვრობდა. ისინი მონაწილეობდნენ სა­ქართვ. სამხედრო გზის გაყვა­ნაში, კურორტ ბორჯომის, ლიკანში მეფისნაცვლის სასახლის მშენებლობაში და სხვ.; 1918 აგვისტოში კაზაკები შედიოდნენ ქართ. ჯარის შემადგენლობაში, მათ გაანადგურეს თურქეთის დესანტი, რ-იც გადმოსვეს ოჩამჩირის რ-ნში. იმავე წელს კაზაკებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს ბოლშევი­კების წინააღმდეგ ბრძო­ლა­ში, რ-თაც დაკავებული ჰქონდათ გაგრა და გუდაუთა, მათ გენ. გ. მაზნია­შვილის რაზმთან ერთად განდევნეს ბოლშევიკები შავი ­ზღვის სანაპიროდან ტუაფსემდე.

XX ს. 90-იანი წლების დასაწყის­ში მიმდინარე პოლიტ. პროცესების ფონზე 1993 შეიქმნა სა­ქართვ. კაზაკთა კავშირი (სკკ). ეს იდეა აღმოცენდა ჯერ კიდევ აფხაზეთის ომის დროს. კავშირის შე­ქმნის მიზანს შეადგენდა ქვეყნის ტერიტ. მთლიანობის აღდგენა და რუსეთ-სა­ქარ­თვე­ლოს შორის კულტ., ეკონ. და პოლიტ. კავშირების განმტკიცება. კავშირის უმაღლეს ატამანად აირჩიეს ვ. კადენეცი. 1997 კაზაკთა 23 ატამანმა მხა­რი დაუჭირა სა­ქარ­თველოს პრეზიდენტის ინიციატივას „მშვიდობიანი კავკასიისათვის". 2000 მოსკოვში, კაზაკთა III ყრილობაზე, ვ. კადენეცმა მძაფრად გააკრიტიკა ის კაზაკები, რ-ებიც აფხაზ სეპარატისტთა მხა­რეს იბრძოდნენ. სკკ-ს წარმომადგენლობა ჰყავს სხვადასხვა ქვეყანაში.

ლიტ.: სა­ქარ­თვე­ლოს ­ისტორიის ნა­რკვევები, ტ. 4, თბ., 1973; ს ო ნ ­ღ უ ლ ა ­შ ვ ი ­ლ ი  ა., ეროვნული უმცირესობანი და კონფესიები სა­ქარ­თვე­ლო­ში, თბ., 2005; ც ი ნ ც ა ძ ე  ი., მასალები პოლონეთისა და სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბის ისტორიისათვის, თბ., 1966.

ლ. მანიავა