კაზალიკაშვილი იაგორ ივანეს ძე (2.V.1882, სტეფანწმინდა, ახლანდ. ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, – 15. IX. 1935, იქვე), ალპინისტი, ქართული ალპინიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი. მუშაობდა დევდარაკის სპილენძის მაღაროში. პარალელურად მონაწილეობდა ალპინისტურ ასვლებში. პირველად უცხოელებთან ერთად ავიდა მყინვარწვერზე (1907); იყო 1923 გ. ნიკოლაძის ხელმძღვანელობით მყინვარწვერზე მოწყობილი პირველი ქართ. ექსპედიციის გამყოლი, თეთნულდსა (1930) და უშბაზე (1934) მოწყობილი ასვლების მონაწილე, ყაზბეგის მაღალმთიანი მეტეოროლ. სადგურის პირველი მოზამთრე (1934).
დალაშქრული აქვს კავკასიონის მწვერვალები: იალბუზი, მყინვარწვერი (25-ჯერ), თეთნულდი, უშბა, ადაი-ხოხი, ამანაუზი, ერწახვი, მარუხი და სხვ. გამოქვეყნებული აქვს ლექსები, მ. შ. ცნობილია „უშბაზე ასვლის ლექსი". კ-ის ლექსები თარგმნილია რუს. ენაზე პოეტ ნ. ტიხონოვის მიერ.