კაზნაკოვი ალექსანდრე ნი­კოლოზის ძე

კაზნაკოვი ალექსანდრე ნი­კოლოზის ძე [26. I (7. II). 1871, ტვერის გუბერნია (რუსეთი), – 19. II. 1933, პარიზი], მოგზაური, ისტორიკოსი, ბუნებისმეტყველი, აღმოსავლეთმცოდნე, ­არქეოლოგი, ეთ­ნოგრაფი; ტიბეტის ­მკვლე­ვარი; კავკასიის მუზეუმისა და თბილ. საჯარო ბ-კის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი (1903– 19). დაამთავრა პაჟთა კორპუსი. მონაწილეობდა სხვა­და­სხვა ექსპედიციაში. 1899 ­ცენტრ. აზიაში რუსეთის საიმპერატორო გეოგრ. საზ-ბის მიერ მოწყობილ ექსპედიციაში ყოფნისას დაინიშნა გენ. შტაბის გვარდიის კავალერიაში როტმისტრად. 1902 შტაბის უფროსის ბრძანებით მიავლინეს მთ. შტაბის სამხედრო-სასწ. კომიტეტის კანცელარიაში. 1903 წ. 4 სექტ. დაინიშნა კავკასიის მუზეუმის და თბილ. საჯარო ბ-კის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად, 1909 – კავკასიის მუზეუმის დირექტორად. მიიღო პოლკოვნიკის ჩინი.

კ-ის ინიციატივით და­ი­ნერ­გა მუ­ზეუმში შემოსული ნივთების ზუსტი აღრიცხვა, შეიქმნა ბ-კის ფონდების საინვენტარო წიგნი. საორგანიზაციო საკითხების მოგვარებასთან ერთად კ. ზრუნავდა არქეოლ., ­ეთნოგრ., ისტ., ბოტან., ზოოლ. და გეოლ. კო­ლექციების შევსება-გამდიდრებაზე. მისი დამსახურებაა კავკასიის მუზეუმის გამდიდრება იმ ძვირფასი ნივთებით, რ-ებიც ცნობილია ახალგორის განძის სახელწოდებით.

კ-მა საჯარო ბ-კის კავკასიის მეცნ. კვლევისთვის საჭირო ლიტ-რით გამდიდრების მიზნით შეიძინა და ბ-კის ფონდს შემატა 1654 გამოცემული არქანჯელო ლამბერტის წიგნი „მოგზაურობა სა­მე­გრე­ლო­ში".

კავკასიის მუზეუმისა და თბილ. საჯარო ბ-კის გაერთიანების შემდეგ შეიქმნა ერთიანი წიგნადი კოლექცია (ზოოლოგია, ბოტანიკა, ეთნოგრაფია, გეოლოგია) და თბილ. საჯარო ბ-კაში დაარსდა ახა­ლი განყ-ბა (XVII) – „მუზეუმის ბიბლიოთეკა".

კ. 1908–10 ევროპაში გაეცნო მუზეუმების შენობებსა და შიდამოწყობილობას. 1911 კ-ისა და მეფისნაცვალ ი. ვორონცოვ-დაშკოვის ინიციატივით იმპერიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება კავკასიის მუზეუმის ახ. ნაგებობის მშენებლობის დაფინანსების შე­სახებ.

1914 წ. 31 აგვისტოს კ. სამხ. სამსახურში გაიწვიეს, ­კავკასიის მუზეუმის დირექტორის თანამდებობის შენარჩუნებით; გამგზავრების წინ მან მუზეუმის ბ-კას საჩუქრად გადასცა 303 დასა­ხელების წიგნი; 1916 ვანის ვილაიეთიდან და ერზრუმიდან ჩამოიტანა 608, ხოლო მეჯიდ-უ-სულთნის ბ-კიდან – 415 წიგნი.

1917 კ. გადაიყვანეს სამხრ.-დას. ფრონტის შტაბის სამმართველოში; 1918 ავადმყოფობის გამო სამხ. სამსახურიდან გადადგა. 1919–21 კ. მუ­შა­ობ­და ერმიტაჟში. სიცოცხლის ბოლო წლები ემიგრაციაში, პარიზში გაატარა, სადაც, როგორც მიმოწერიდან ჩანს, მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ე. თაყაიშვილთან.

თ. ალიბეგა­შვი­ლი