კაზრეთი

კაზრეთი, დაბა ბოლნისის მუნიციპალიტეტში (ქვემო ­ქარ­თ­ლის რეგიონი), მდ. მაშავრის (ხრამის ­მარჯვ. შენაკადი) ხეობაში. ტერიტ. ორგანოს ცენტრი (დაბა კ., სოფ. ბალიჭი). ზ. დ. 700 მ, ბოლნისიდან 15 კმ. 4,3 ათ. მცხ. (2014). რკი­ნი­გზის სადგური (თბილისი–ერევნის სარკინიგზო ხაზს უკავშირდება მარნეულ–კაზრეთის განშტოებით).

კ-ში ფუნქციონირებს ოქროს მომპოვებელი საწარმო „კვარციტი".

1970–76 კ-სა და მის მიდამოებში აღმოჩნდა (­ხელმძღვ. მ. სინაურიძე) არქეოლ. ძეგლები: 1) ად­რინდ. ბრინჯაოს ხანის სამოსახლოს ნაშთი და გვიანდ. ბრინჯაოსა და ადრინდ. რკინის ხანის სამაროვნები (ძვ. წ. VII–VI სს.) რკი­ნიგზის სადგურთან, ე. წ. „ველებზე". სამარხები ქვაყრილია­ნი და მიწაყრილიანი იყო. მიცვალებულები დასვენებული იყვნენ ­მარჯვ. ან ­მარცხ. გვერდზე ხელფეხმოკეცილნი. სამარხებში აღმოჩნდა თიხის ჭურჭელი, რკინის შუბისპირები, ისრისპირები და სატევრები, ბრინჯაოს ფიბულა და სამაჯურები, სხვა­და­სხვა მასალის მძივები. 2) ანტ. ხანის (I–III სს.) ნამოსახლარი და სამაროვანი დაბაში. აღმოჩნდა ბრინჯაოს ენო­ხოია, რ-ზეც ამოკვეთილია მოცეკვავე ფიგურები; მინისა და თიხის ჭურჭელი. 3) ეკლესიის ნანგრევები და სამაროვანი კ-ის კარიერ „ბუჩურიანში". აღმოჩნდა VI–VII სს. ქვის სტელებისა და ჯვრების ფრაგმენტები. XI–XIII სს. პოლიქრომული ჭურჭლისა და ქართ. ასომთავ­რული წარწერებიანი კრამიტის ნატეხები. 4) მდ. კაზრეთის ­მარჯვ. ნაპირზე პატარა ეკლესიის გათხრების დროს იპო­ვეს V–VII სს. სტელები, ჯვრები და XVI–XVII სს. სამაროვანი. 5) წითელი ტუფის ორფერდა სა­ხურავით გადახუ­რული ფეოდ. ხანის ქვიშაქვის სარკოფაგი სოფ. ბალიჭში (­ხელმძღვ. – ვ. ჯაფა­რი­ძე). გულაღმა ჩასვენებულ მიცვალებულს ჩა­ტანებული ჰქონდა რკინისღეროიანი ოქროს საკინძი და ოქროს ბეჭედი. ­სარკოფაგის ჩრდ-ით აღმოჩნდა 11 ქვის ­სამარ­ხი, მიცვალებულები დასვენებული იყვნენ გულაღმა, უინ­ვენტაროდ. სარკოფაგის ­დას-ით ნაპოვნია მასიური კედლების ­ნანგრევები, V–VII სს. მოჩუქურთმებული ჯვრე­ბისა და ადრინდ. ფეოდ. ხანის კერამიკის ნაშთები. სოფელში ზედაპირულად აიკრიფა XI–XIII სს. კერამიკა. სოფლის ­აღმ-ით, "სიპქვიებზე", გამოვლინ­და (­ხელმძღვ. – მ. სინაურიძე) შუა ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. II ათასწლ. I ნახ.) სამარხები, რშიც აღმოჩნდა შავპრიალა კერამიკა. 6) „სამტრედოში", ზურაბიშვილების სასახლის ნანგრევებთან, გამოვლინ­და სამეურნეო სათავსები, კარის ეკლესია, აგრეთვე XVII ს. დასასრულისა და XVIII ს. დასაწყისის თიხის სადა და მოჭიქული ჭურჭელი, ქაშანურისა და მინის ნაკეთობანი, სამეურნეო იარაღი.

კ-ში მდებარეობს XIII ს. I მეოთხედის არქიტ. ძეგლი – სამონასტრო კომპლექსი, რ-ის ხუროთმოძღვრული დომინანტია სამების ერთნავიანი ეკლესია. გეგ­მით წაგრძელებული, სწორკუთხედის ფორმის მაღალი, უგუმბათო შენობა ნაგებია სუფთად დამუშავებული ქვით. შემკულია მდიდრული დეკორით. აღმ-ით ძალიან ღრმა აფსიდი აქვს, ჩრდ-ით და დას-ით – ორი პორტალებიანი შესასვლელი. ტრადიციულად შე­სასვლელს სამხრ-იდან აკეთებდნენ, მაგრამ აქ მთავარია ჩრდ. შესასვლელი, ვინაიდან ერთადერთი მისადგომი გზა ჩრდ.-დას-იდანაა. ძეგლის მეორე თავისებურებაა ის, რომ აფსიდს ჩრდ-იდან ორის ნაცვლად მხო­ლოდ ერთი სადგომი ეკვრის. აფსიდში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. ფასადებს ამკობს სარკმლების დეკორ. ჩარჩოები, პორტალებს – რთულპროფილიანი ჩუქურთმები. კ-ის მიდამოებშია სათხის ეკლესია (განვითარებული შუა საუკუნეები).

ლიტ.: დ ო ლ ი ძ ე  ვ. კაზრეთის ხუროთმოძღვრული კომპლექსი, «ქარ­თული ხელოვნება», 1987, №9; თ ა ყ ა ი ­შ ვ ი ­ლ ი  ე., სომხით-საორბელოს ძეგლების წარწერები, «თსუ შრომები», 1951, ტ. 43; ს ი ნ ა უ რ ი ძ ე  მ., 1974–75 წწ. არახლო-კაზრეთის არქეოლოგიური ექსპედიციის ანგარიში, წგ.: სა­ქარ­თველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციები, [ტ.] 5, თბ., 1977; ს ი ნ ა უ რ ი ძ ე  მ., ბ ე რ ი ძ ე  თ., კაზრეთის ანტიკური და ადრეფეოდალური ხანის ძეგლები, «ძეგლის მეგობარი», 1971, № 27–28; ქარ­თლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი, თბ., 2013; ყ ა უ ხ ჩ ი ­შ ვ ი ­ლ ი  თ., ­კაზრეთის ბერძნული წარწერა, «ს. ჯანაშიას სახ. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელმწ. მუზეუმის მოამბე», 1967, ტ. 27В; ჯ ა ფ ა რ ი ძ ე  ვ., ჩვენი ისტორიის ერთი მემატიანე (­კვლავ ბუჩურაშენის ეკლესიის შე­სახებ), «ძეგლის მეგობარი», 1975, №39.

ვ. დოლიძე

მ. სინაურიძე