დადიანეთი, სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტის ცხრაძმის თემში (მცხეთა-მთიანეთის მხარე), ალევის ქედის დას. კალთაზე, ქსნის ხეობაში. ცხრაძმის თემის ცენტრი (სოფლები: დ., დაბაკნეთი, ზოდეხი, თოხთა, მანჭიკაანი, მარტიანი, მაჭარაანი, მახიარეთი, მუჯუხი, პაპიაანი, უკანამხარი, უკანაუბანი, ყველდაბა, შიუკაანი, ჩიტიანი). ზ. დ. 1360 მ, ახალგორიდან 27 კმ. 113 მცხ. (2002).
სოფელი წყაროებში პირველად მოხსენიებულია XV ს-ში. თავდაპირველად შედიოდა ცხრაძმისხევში, შემდეგ – ქსნის საერისთავოში. სოფელში დგას სამებისა და წმ. გიორგის ეკლესია (ორივე IX–X სს.). სოფლის თავში გეგმით ოთხკუთხა კოშკია, რ-ის კედლებში ბუხრები, თახჩები და სათოფურებია დაყოლებული. სოფლის ქვემოთ კიდევ ორი კოშკის ნანგრევებია (ყველა შუა საუკუნეებისა).
ლიტ.: მ ა კ ა ლ ა თ ი ა ს., ქსნის ხეობა, თბ., 1968.
ჯ. გვასალია