დავით X

დავით X (გ. 1526), ქართლის მეფე 1505–25, კონსტანტინე II-ის ძე.

მისი მეფობის დროს საქართვ. მეფე-მთავრებს შორის გრძელდებოდა შინაფეოდ. ბრძოლა. 1509 აგვ-ში იმერეთის მეფე, ალექსანდრე II-მ დაიპყრო ქ. გორი და ქართლის ჩრდ.-დას. ნაწილი, რ-იც დ. X-მ 1510 დაიბრუნა. დ. X-ს ებრძოდა და ქართლს არბევდა კახეთის მეფე გიორგი II (ავგიორგი).

1513, როცა ბაგრატ მუხრანბატონმა გიორგი II შეიპყრო, დ. X-მ კახეთი დაიპყრო. კახეთის მეფის მემკვიდრე, მცირეწლოვანი ლევანი, მისმა მომხრე თავადებმა დამალეს. 1518 ქართლს შაჰ-ისმაილ I-ის მეთაურობით ირანელები შემოესივნენ (იხ. ისმაილ I-ის ლაშქრობანი საქართველოში 1522 ). დ. X-მ შაჰს მორჩილება აღუთქვა და ყოველწლიურად 300 საპალნე აბრეშუმის გადახდა დაიწესა. კახეთის თავადებმა უფლისწული ლევანი მეფედ დასვეს.

დ. X-მ კვლავ დაიპყრო კახეთი. ლევანი მაღნარის ციხეში გამაგრდა. დ. X-მ ალყა შემოარტყა ციხეს, მაგრამ ქართლში ოსმალთა რაზმის შემოსევის გამო იძულებული გახდა ალყა მოეხსნა და ქართლში დაბრუნებულიყო. ოსმალების განდევნის შემდეგ ლევანმა გაიმარჯვა. დ. X-მ ლევანი კახეთის მეფედ ცნო და მასთან მტრის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის კავშირი შეკრა.

1522 დ. X ისმაილ I-ის წინააღმდეგ თელეთის ბრძოლაში დამარცხდა. თბილისის ციხეში ყიზილბაშები ჩადგნენ. 1524, ისმაილ I-ის გარდაცვალების შემდეგ, დ. X-მ თბილისი აიღო და ქართლის საზღვრებში შემოსახლებული თურქმანები განდევნა. 1525 ტახტი თავის ძმას – გიორგის გადასცა, თავად კი ბერად აღიკვეცა დამიანეს სახელით.

წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.

ლიტ.: ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი  ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 4, თბ., 1967; გ ვ რ ი ტ ი შ ვ ი ლ ი  დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან (XIII–XIV სს.), თბ., 1962; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი  ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 4, თბ., 1967; ჯ ა მ ბ უ რ ი ა  გ., ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან, თბ., 1955.

გ. ჯამბურია