კაიროვი ვლადიმერ (ზალო) ზაურბეგის ძე

კაიროვი ვლადიმერ (ზალო) ზაურბეგის ძე [11. VI. 1913, არდონი (ჩრდ. ოსეთი), – 2004], ოსი მსახიობი. სა­ქართვ. ხელოვნების დამს. მოღვაწე (1960). 1936–41 სწავლობდა ლენინგრადის ა. ოსტროვსკის სახ. თეატრ. ინ-ტში სამსახიობო განხრით. 1944 დაამთავრა მოსკოვის თეატრ. ინ-ტის სარეჟისორო ფაკ-ტი. 1930–38 თვითმოქმედ დრამატულ წრეებში დადგა 20-ზე მეტი სპექტაკლი, რ-ებშიც ხშირად თვითონვე ასრულებდა მთავარ როლებს.

1932 ბესლანში ჩამოაყალიბა დრამ. წრე. 1938–54 იყო ცხინვალის სა­ხელმწ. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, შემდეგ მუ­შა­ობ­და ამავე თეატრის რეჟისორად. კ-ის მიერ სხვა­და­სხვა დროს განსახი­ერებული როლებიდან აღსანიშნავია ედგარი (უ. შექსპირის „მეფე ლირი"), ხასანა (დ. მამსუროვის „ხასანა"), არსენა (ს. შანშია­შვი­ლის „არსენა"), არკადი (ა. კორნეიჩუკის „პლატონ კრეჩეტი"), ფლორინდო (კ. გოლდონის „ორი ბატონის მსახური"), პარატოვი (ა. ოსტროვსკის „უმზითვო"), აკოფა (ა. ცაგარლის „ხანუმა"), კომანდორი (ლოპე დე ვეგას „ცხვრის წყარო") და სხვ. კ. როგორც რეჟისორი ჩა­მო­ყა­ლიბდა ეროვნული სპექტაკლებით, რ-ებიც გამოირჩეოდა რომანტიკული თეატრისთვის ნიშანდობლივი მონუმენტურობით. მისი პირველი დადგმა განხორციელდა ცხინვალის თეატრში – დ. თემირიაევის „შურისმაძიებელნი", შემდეგ – მ. გუჩმაზოვის „მგლები", მოლიერის „სკაპენის ოინები", ნ. გოგოლის „ქორწინება", ა. ცაგარლის „ხანუმა" და სხვ. მასვე ეკუთვნის პიესები: „ბათას შვილები", „აცამაზი". კ-მა საზ. საწყისებზე სხვა­და­სხვა დროს (1942, 1960) ცხინვალის თეატრთან დააარსა თეატრ. სტუდიები.