დავით XI

დავით XI დ ა უ თ - ხ ა ნ ი, ქართლის ხანი (ზოგიერთი ქართ. წყაროს მიხედვით, ქართლის მეფე) 1569–78, ლუარსაბ I-ის ძე.

დ. XI-მ უღალატა ძმას – სიმონ I-ს და თავის მომხრე ქვემო ქართლის თავადებთან (ბარათაშვილებთან) ერთად 1561 ირანს გაემგზავრა და შაჰ-თამაზ I-ს ეახლა ყაზვინს. იგი გაამაჰმადიანეს, ვასალობის რაყამი უბოძეს, ქართლის ხანად დანიშნეს (1562) და ყიზილბაშთა ჯარით საქართველოში გამოგზავნეს.

დ. XI განაგებდა მხოლოდ თბილისსა და ქვემო ქართლს, რ-იც ამ დროს ირანს ეპყრა. დანარჩენი ქართლი სიმონ I-ს ემორჩილებოდა. მას ფეოდალთა დიდი ნაწილი ერთგულობდა. ქართლში „ორიანობა" (ორმეფობა) დამყარდა. დ. XI-მ 1569 ფარცხისის ბრძოლაში ყიზილბაშთა დახმარებით სიმონი დაამარცხა და ქართლის ერთადერთი მმართველი გახდა.

დატყვევებული სიმონი ირანში გაგზავნეს, მაგრამ თავადთა უმეტესობა, საჩინო ბარათაშვილის მეთაურობით, კვლავ განაგრძობდა დ. XI-ისა და ყიზილბაშების წინააღმდეგ ბრძოლას. დ. XI წელიწადში 20000 დუკატს უხდიდა ირანს ხარკად.

1578, როცა ოსმალეთის დიდი არმია მუსტაფა ლალაფაშას მეთაურობით საქართველოში შემოიჭრა, დ. XI-მ თბილისი გადაწვა და თავი ლორეს შეაფარა. ოსმალებმა ქართლი საფაშოდ გამოაცხადეს და თბილისში ფაშა დასვეს.

1578 ირან. მთავრობამ სიმონ I ტყვეობიდან გაათავისუფლა და ოსმალთა წინააღმდეგ საბრძოლველად ქართლში დააბრუნა. დ. XI-მ ციხეები ოსმალთა სარდალს გადასცა, თვითონ კი სტამბოლში წავიდა, სადაც პატივით მიიღეს და სარჩოდ ორი სანჯაყი უბოძეს. დ. XI-ის ვაჟებმაც, ბაგრატმა და ხოსრომ, კახეთს შეაფარეს თავი, შემდეგ კი ირანში წავიდნენ.

დ. XI-მ ოსმალეთში რამდენიმე წელი დაყო და იქვე გარდაიცვალა.

ოსმალეთში ყოფნის დროს ორი ოსმალური კარაბადინისგან შეადგინა ერთი ქართ. საექიმო წიგნი – „იადიგარ დაუდი" და საქართველოში გამოგზავნა.

თხზ.: იადიგარ დაუდი, ლ. კოტეტიშვილის გამოც., თბ., 1985.

წყარო: გორგიჯანძე  ფ., საქართველოს ისტორია, ს. კაკაბაძის გამოც., «საისტორიო მოამბე», 1925, [ტ. ] 2; ეგნატაშვილი ბ., ახალი ქართლის ცხოვრება, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, იქვე, ტ. 4, თბ., 1973; ჰასანრუმლუს ცნობები საქართველოს შესახებ, ვ. ფუთურიძის გამოც., თბ., 1966.

ლიტ.: ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი  ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 6, თბ., 1973; გ ა ბ ა შ ვ ი ლ ი  ვ., ქართული ფეოდალური წყობილება XVI– XVII საუკუნეებში, თბ., 1958; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი  ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 4, თბ., 1967.

გ. ჯამბურია