კაკაბაძე სილოვან იოაკიმეს ძე [31. VII (12. VIII). 1895, ხონი, – 10. VI. 1993, თბილისი], მოქანდაკე. საქართვ. სახალხო მხატვარი (1965). საქართვ. ხელოვნების დამს. მოღვაწე (1941), სტალინური პრემიის ლაურეატი (1941). სწავლობდა მ. თოიძის სახალხო სამხატვრო სტუდიაში (1922–24). 1930 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემია ი. ნიკოლაძის ხელმძღვანელობით. 1932-იდან იქვე ეწეოდა პედ. მოღვაწეობას (1941-იდან – პროფესორი, 1936–42 – რექტორი, 1950–63 – ქანდაკების კათედრის გამგე). მუშაობდა მონუმ. და დაზგური ქანდაკების დარგში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი სკულპტურული პორტრეტები. ნამუშევრები: პორტრეტები – „მეტყევე" (1935); „რაფიელ აღლაძე" (1944); „სიმონ ჯანაშია" (1946); „გალაკტიონ ტაბიძე" (1947); „სულხან-საბა ორბელიანი" (1947); „კოტე მარჯანიშვილის პორტრეტი" (1951); „ნესტორ კალანდარიშვილი" (1961, 1967); „დავით გამრეკელი" (1963); „თინათინი" (1966); „სიმონ კლდიაშვილი" (1969); „ციცინოს პორტრეტი" (1970); „ელეფთერ ანდრონიკაშვილი" (1972); „ახალგაზრდა ქართველი დედა" (1978); „ივანე ბერიტაშვილი" (1979, თსუ-ის ეზოსავანე) და სხვ. ძეგლები: ი. სტალინის (1939, ბრინჯაო, თბილისი, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, აიღეს 1961); ა. წულუკიძის (1946, ქვა, ხონი), კ. ლესელიძის (1977, ბრინჯაო, ლესელიძე). მისი ნამუშევრები დაცულია შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების მუზეუმში, მოსკოვის აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმში, ტრეტიაკოვის სახელმწ. გალერეაში (მოსკოვი), დ. შევარდნაძის სახ. ეროვნულ გალერეაში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.