კაკალაშვილი ალექსანდრე ნიკო­ლოზის ძე

კაკალაშვილი ალექსანდრე ნიკო­ლოზის ძე (13.IV. 1920, თბილისი, – 20.IV. 1995, იქვე), ინჟინერ-მექანიკოსი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1967), პროფესორი (1969), სა­ქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1979), სსრკ-ისა და სა­ქართვ. დამს. გამომგონებელი (1982). 1942 დაამთავრა ს. კიროვის სახ. სა­ქართვ. ინდუსტრიული ინ-ტი, 1943 კი – მოსკოვის საარტ. აკადემია. 1946 მუშაობა დაიწყო სა­ქართვ. ინდუსტრიულ ინ-ტში, 1958-იდან იყო კვების მრეწველობის საწარმოთა მოწყობილობების, ხოლო 1976-იდან – სამაცივრო ტექ. კა­თე­დრის გამგე. პარალელურად (1977-იდან) ხელმ­ძღვა­ნე­ლობდა თავისსავე ჩამოყალიბებულ დარგობრივ ლაბორატორიას.

კ-ის სამეცნ. კვლევები ეხება კვების მრეწველობაში მანქანათმშენებლობის მიმართულებით გაან­გარიშებისა და ­კონსტრუირე­ბის საკითხებს, კერძოდ, ჩაის გადამმუშავებელი მანქანების პრობლემების გადაჭრას. 1981 (მეცნიერების ჯგუფთან ერთად) მიენიჭა სა­ქართვ. სა­ხელმწ. პრემია. კ-ის გამოგონებებზე გაცემულია და გაყიდულია პატენტები ინგლისში, იაპონიაში, ინდოეთსა და შრილან­კაში.

თხზ.: კვების მრეწველობის საწარმოთა ტექნოლოგიური მოწყობილობების გაანგარიშებისა და კონსტრუირების საფუძვლები (სახელმძღვანელო), თბ., 1972; Теорeтические и экспериментальные основы расчета конструирования роллеров, Тб.,1971.