კაკალი

კაკალი

კაკალი, ნიგვზის ხე (Juglans regia), ფოთოლმცვივანი ხე კაკლისებრთა ოჯახისა. მისი სიმაღლე 20–30 მ აღწევს, დიამეტრი – 1,5 მ. შვეულად მდგომს ვარჯი ფართოდ აქვს გადაშლილი, კორომში კი ვიწროდ არის აზიდული. აქვს ლეგა, დაშაშრული ქერქი, ერთსქესიანი და ერთსახლიანი ყვავილები, კენტფრთართული, პრიალა ფოთოლი, რ-იც ეთეროვან ზეთს შეიცავს. ნაყოფი კურკიანაა (ე. წ. „კაკალი“). ბუნებრივად გავრცელებულია მცირე აზიაში, ბალკანეთის ნ.-კ-ზე, ირანში, ჩინეთში, კავ­კა­სიასა და შუა აზიაში. სამხრ. კავ­კა­სიაში ველურად იზრდება თითქმის ყველგან, ­ქმნის მცირე კორომებს, მეტწილად კი ერთეული ხეებია. მდინარისპირა ვაკეთა ტყეებში შერეულია მუხასთან, თელასა და რცხილასთან. სა­ქარ­თვე­ლო­ში ველური კ-ის ყველაზე დიდი კორომია მდ. ალაზნის ნაპირებზე – პანკისის ხეობაში (10 ჰა) და ჯუმას ყურეში (ალაზნის ველის ჭალაში, 40 ჰა). კ. სინათლისა და სითბოს მოყვარულია. მაღალ მთებში (1500 მ-ზე ზევით) სიცივე აზიანებს, უძლებს 20–22°C-მდე ყინვას. საკმაოდ გვალვაგამძლეა. ვერ ეგუება ჭარბტენიან და ეწერ ნიადაგს. კარგად ხარობს ნოყიერ ნიადაგზე, თიხნარ-კირნარზე. ყვავილობს ფოთლის გაშლასთან ერთად, ნაყო­ფი მწიფდება აგვისტო-სექტემბერში. ნაყოფმსხმოიარეა 12 წლიდან 200 წლამდე. მოსავლიანი ხეა, იძლევა 100–200 კგ ნაყოფს. აქვს მძლავრი ფესვთა სისტემა. მისი მერქანი (მეტადრე ნუჟრები) ძვირფასი საავეჯე მასალაა. კაკლის გული შეიცავს ცხიმებს (45–77%), ცილებს (8–21%), B1 ვიტამინსა და პროვიტამინს. მკვახე ნაყოფი მდიდარია C ვიტამინით, მისგან მურაბას ამზადებენ. მწიფე კაკლის გულისაგან – ნიგვზისაგან – ხდიან ზეთს და ხმარობენ საკონდიტრო წარმოებაში.

ვ. მირზა­შვი­ლი