კაკოიშვილი გიორგი ანდრიას ძე (დ. 4. XII. 1933, ქ. ხაშური), ქირურგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1971), პროფესორი (1979). სამედ.-ბიოლ. აკადემიის ნამდვ. წევრი (1999). საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1989).
1957 დაამთავრა თსსი, რ-ის შემდეგ მუშაობდა ქ. რუსთავის მეტალურგიული ქარხნის სანიტ.-მედ. ნაწილის ქირურგად (1958–60), რესპ. ცენტრ. კლინიკური საავადმყოფოს ქირურგიული განყ-ბის ორდინატორად (1960–72). იყო ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის პროფესორი (1979–2006); 2009-იდან არის თსსუ-ის ზოგადი ქირურგიის კათედრის მოწვეული პედაგოგი, 2012-იდან – რექტორთა საბჭოს წევრი.
კ. იკვლევდა იზოლირებული და იმპლანტირებული გულის აღდგენის საკითხს ნორმოთერმული პერფუზიის პირობებში, ჩირქოვანი დაავადებების დიაგნოსტიკისა და ოპერაციული მკურნალობის ზოგად პრინციპებს. ავტორია სამედ. ინ-ტის სტუდენტებისათვის განკუთვნილი დამხმარე სახელმძღვანელოსი – „ქირურგიული გასტროენტეროლოგია". საქართვ. სახელმწ. პრემია მიენიჭა შრომათა ციკლისათვის „გულის კუნთის მწვავე იშემია და გულის მუშაობის აღდგენა".
კ. არის სპორტის ოსტატობის კანდიდატი ჭადრაკში; საზ-ბა „მედიკის" ჩემპიონატების მონაწილე და პრიზიორი.
თხზ.: ჩიყვის ქირურგიული მკურნალობა, თბ., 1982; ჩირქოვანი ქირურგიის აქტუალური საკითხები, თბ., 1985.