კაკულია რევაზ შალვას ძე (დ. 1. IX. 1936, სოფ. ნორიო, ახლანდ. აბაშის მუნიციპალიტეტი), ეკონომისტი. ეკონ. მეცნ. დოქტორი (1993), პროფესორი (1996). 1959 დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი ფინანსებისა და კრედიტის სპეციალობით. იყო საქართვ. ფინანსთა მინისტრის მოადგილე (1972–79, 1985–91), საქართვ. სოფლის მეურნეობის მინისტრისა და აგროსამრეწველო კომიტეტის თავ-რის მოადგილე (1979–85), ეკონომიკის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის დირექტორის მოადგილე (1991–2005). 1959- იდან კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. 2006-იდან ქუთაისის უნ-ტის ჟურნ. „ეკონომიკური პროფილის" მთ. რედაქტორია.
კ-ის მეცნ. კვლევის სფეროა ეკონ. თეორიის, ეკონ. მოძღვრებათა ისტორიის, საბაზრო ეკონომიკის, ფინანსებისა და საბანკო საქმის საკითხები. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. შრომა, მ. შ. 18 მონოგრაფია და 25 სახელმძღვანელო. ჟურნ. „საქართველოს ეკონომისტის" და საქართვ. სავაჭრო-სამრეწვ. პალატის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე მისმა სახელმძღვანელომ (ავტორთა კოლექტივის ხელმძღვანელი) „საგადასახადო საქმე" ნომინაციაში „2007 წლის საუკეთესო ნაშრომი ეკონომიკაში" მიიღო პირველი პრემია. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. საპატიო ნიშნის ორდენი (1982); ღირსების ორდენი (1997); თბილ. სახელმწ. უნ-ტის ივ. ჯავახიშვილის სახ. მედალი (2010).
თხზ.: საზოგადოებრივი წარმოების ეფექტიანობის ამაღლების საფინანსო მეთოდები, თბ., 1978; საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის თეორიისა და პრაქტიკის პრობლემები, თბ., 2003; თანამედროვე ფული და ფულის მიმოქცევა, თბ., 2010; ფინანსების თეორია (სახელმძღვანელო), გამოც. მე-5, თბ., 2012.