კალათბურთი, სპორტის ერთ-ერთი პოპულარული გუნდური სახეობა, რომელშიც ორი გუნდი ცდილობს ორგანიზებული წესების მიხედვით ქულები მოაგროვოს მოწინააღმდეგის კალათში ბურთის ხელით ჩაგდებით. 1891 სპრინგფილდში (მასაჩუსეტსის შტატი, აშშ) ჯეიმს ნეისმითმა შეიმუშავა კ-ის პირველი წესები. მალე ახალი თამაში მთელმა ამერიკამ აღიარა, მოგვიანებით კი დანარჩენმა მსოფლიომაც გაიცნო. თამაშის პირველი წესები არსებითად განსხვავდება დღევანდელისაგან. კ-ის სათამაშოდ იყენებენ მოედანს, რ-ის ზომაა 28 მ × 15 მ. პირითი ხაზების შუა ადგილას სპეც. დგარებზე დაყენებულია ფარები, რ-ებზეც დამაგრებულია ლითონის რგოლებზე დაკიდებული უძირო ბადეები (კალათები). მანძილი იატაკსა და კალათს შორის 305 სმ, თვითონ ფარის ზომებია 180 სმ × 105 სმ ან 120 სმ × 80 სმ, ასევე არსებობს ქუჩის და სამოყვარულო კ-ის ფარი, რ-თა ზომაც განსხვავებულია. კალათის დიამეტრი 45 სმ. ფარის წინ 625 სმიანი რადიუსით შემოსაზღვრულია 3-ქულიანი ტყორცნის არე და საჯარიმო ზონა. კ-ს თამაშობენ ტყავის, სინთეტიკური ტყავის ან სხვა სინთეტიკური მასალისაგან დამზადებული ბურთით, რ-ის გარშემოწერილობაა 75–78 სმ, ხოლო მასა – 567–650 გ (ქალებისთვის, შესაბამისად, 72–74 სმ და 510–567 გ). მოედანზე მოთამაშეთა რაოდენობა თითოეულ გუნდში 5 კაცით განისაზღვრება. გუნდში სულ 12 მოთამაშეა. დაშვებულია ნებისმიერი რაოდენობის შეცვლა. ყველა შეცვლილ მოთამაშეს უფლება აქვს დაბრუნდეს მოედანზე. თამაშის დროს ჩაგდებული ბურთისათვის გუნდს ერიცხება 2 ან 3 ქულა (ორქულიანი ან სამქულიანი ზონიდან ტყორცნისას), ყოველი რეალიზებული საჯარიმო ტყორცნისათვის – 1 ქულა, გამარჯვებულია ის გუნდი, რ-იც მეტ ქულას დააგროვებს. შეხვედრა შედგება ოთხი 10-წუთიანი (სუფთა დრო) ტაიმისაგან (NBA-ში – 12 წთ). ტაიმებს შორის შესვენებაა 2 წთ. გამონაკლისია შესვენება მეორე და მესამე ტაიმებს შორის, რ-იც 15 წთ გრძელდება. მატჩის ფრედ დამთავრების შემთხვევაში ინიშნება დამატებითი 5-წუთიანი ტაიმი (ან ტაიმები) გამარჯვებულის გამოვლენამდე. კ-ს თამაშობენ ხელით. დაშვებულია ბურთის ხელით ტარება, გადაცემა და ტყორცნა როგორც ცალი, ასევე ორი ხელით. არ შეიძლება ორ ნაბიჯზე მეტის გადადგმა ბურთის დაუგდებლად, ბურთიანად ახტომა და დახტომა, მეტოქის საჯარიმო ზონაში სამ წამზე მეტხანს ყოფნა. გუნდს ბურთის მეტოქის ნახევარზე გადატანისათვის ეძლევა 8, ხოლო შეტევისათვის – 24 წმ, რ-ის გასვლის შემდეგ ბურთი მეტოქეს გადაეცემა. მწვრთნელს უფლება აქვს თითოეულ ტაიმში აიღოს ერთი წუთშესვენება (მეოთხეში – ორი). ყველა ამ წესის დარღვევისათვის, აგრეთვე ბლოკირებისა და უხეში თამაშისათვის მოთამაშე ჯარიმდება როგორც ჩვეულებრივი ჯარიმით, ასევე პერსონალური შენიშვნით. 5 პერსონალური შენიშვნის მიღების შემთხვევაში მოთამაშე ტოვებს მოედანს. ოთხი გუნდური შენიშვნის შემდეგ ყოველი ჯარიმა სრულდება საჯარიმო ტყორცნებით.
კალათბურთის საერთაშ. ფედერაცია (FIBA) დაარსდა 1932 ივნისს ქ. ჟენევაში. ამჟამად ფედერაცია აერთიანებს 212 ქვეყანას და 5 ზონალურ (კონტინენტურ) კომისიას. ევროპის ჩემპიონატი ტარდება 1935-იდან. კაცთა კ. ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია 1936-იდან (ბერლინი; ქალებისა – მონრეალი, 1976). ასევე უმნიშვნელოვანესი ტურნირია მსოფლიოს ჩემპიონატი (1950 – არგენტინა; ქალთა, 1953 – ჩილე). ზონალური (კონტინენტური) კომისიები ატარებენ თავიანთ ჩემპიონატებს და საკლუბო ტურნირებს. ევროპის ჩემპიონთა თასი თამაშდებოდა 1958–2000. ამის შემდეგ ტარდებოდა ორი ტურნირი – სუპერლიგა (ფიბა) და ევროლიგა (ULEB, შეიქმნა 1991); 2008-იდან ფიბასა და ULEB შეთანხმებით ტარდება: რანგით პირველი ტურნირი – ევროლიგა, რანგით მეორე – ევროთასი, რანგით მესამე – ევროჩელენჯი. წამყვან მსოფლიო საკალათბურთო ტურნირს 1949-იდან ატარებს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია – NBA. ტურნირი საკლუბო დონეზე იმართება ამერიკულ და კანადურ კლუბებს შორის.
ქართული კალათბურთის ისტორია XX ს. 20-იანი წლებიდან იწყება. 1922 მოსკოვში გამართულ ვსევობუჩის („ვსეობშჩეე ვოენნოე ობუჩენიე") სპარტაკიადაში მონაწილე თბილისელმა მძლეოსანმა ა. ჭელიძემ შემთხვევით ნახა ბოძებზე დამაგრებული კ-ის ფარები და უცხო თამაში. ის საქართვ. მუშფაკის (შემდგომში – ინდუსტრიული ინტი) ფიზკულტურის წრეს ხელმძღვანელობდა და, თბილისში დაბრუნებულმა, მუშფაკის ეზოში (ახლანდ. უ. ჩხეიძის ქუჩა) კ-ის პირველი მოედანი მოაწყო. 1923 წ. მარტში ამ მოედანზე გაიმართა პირველი ოფიც. მატჩი მუშფაკის ორ გუნდს შორის. პირველ კალათბურთელთა რიგებში იყვნენ გ. ეგნატაშვილის ტანმოვარჯიშეთა ჯგუფის წევრები – მ. ცხვედაძე, გ. საყვარელიძე, ბ. გერასიმოვი, ა. დავიდოვი, მ. იზაშვილი და სხვ. 1924 თბილისელ რკინიგზელთა თაოსნობით მოეწყო ტურნირი 6 გუნდის მონაწილეობით, რ-თაგან ერთი – „სინათლე" – იმავე წელს ამხანაგური მატჩების გასამართავად ბაქოში გაემგზავრა. „სინათლის" გამარჯვებით დამთავრდა თბილ. პირველი ჩემპიონატი (1925). იმავე "სინათლის" კაცთა და ქალთა გუნდებმა მოიგეს 1927 ქუთაისში ჩატარებული საქართვ. პირველი ჩემპიონატიც. შემდგომში თბილისში მომრავლდა კ-ის მოედნები. გუნდები ჩამოყალიბდა სპორტულ და პროფკავშირულ ორგანიზაციებში, ქართ. დივიზიის ნაწილებში, სასწ. დაწესებულებებში. პარალელურად, კ. გავრცელდა საქართვ. სხვადასხვა რეგიონში. ქუთაისში კ-ის პირველი ფარი 1923 აღიმართა გ. კილაძის თაოსნობით ე. წ. მესამე ლეგიონის ეზოში. 1926 მოეწყო პირველი საქალაქო შეჯიბრება. იმავე წელს ქუთაისელი კალათბურთელები ბათუმს ეწვივნენ და ადგილ. გუნდებს შეხვდნენ. 1927 ფიზკულტურის უმაღლესმა საბჭომ კ-ის პოპულარიზაციის მიზნით ა. ჭელიძე აფხაზეთში მიავლინა. შეიქმნა კ-ის შემსწავლელი ჯგუფები, მოეწყო შეჯიბრებები, ჩამოყალიბდა აფხაზეთის ნაკრები, რ-იც აქტიურად ჩაება საქართვ. პირველობაში. კ-ით განსაკუთრებით დაინტერესდა სტუდენტი ახალგაზრდობა. მარტო თბილისის უნ-ტს ათეულობით გუნდი ჰყავდა, საქალაქო პირველობის სხვადასხვა ჯგუფში კი უნივერსიტეტელთა 12 გუნდი გამოდიოდა. XX ს. 30-იანი წლების დასაწყისში საქართველოში რამდენიმე ძლიერი გუნდი იყო, რ-თა შემადგენლობაში გამოდიოდნენ: ლ. ფალავანდიშვილი, ვ. და რ. მდივნები, ვ. ციციშვილი, ა. წერეთელი, ლ. ძეკონსკი, შ. ყიასაშვილი, გ. ავალიშვილი, შ. დიასამიძე და სხვ. 1934 ვ. ციციშვილმა შეადგინა კ-ის სასწ. პროგრამა. მანვე სპორტსაზოგადოება "სტროიტელთან" ჩამოაყალიბა კ-ის პირველი სკოლა, რ-მაც შემდგომ არაერთი ცნობილი კალათბურთელი აღზარდა. ქართული გუნდები სსრკ ჩემპიონატებში 1934-იდან ჩაებნენ. II მსოფლიო ომამდე ყველაზე უკეთ გამოდიოდა თბილ. "ლოკომოტივი". სსრკ ჩემპიონი გახდა თბილ. ოფიცერთა სახლის გუნდი (1944, 1946), რ-ის შემადგენლობაშიც თამაშობდნენ ნ. ჯორჯიკია, ლ. ძეკონსკი, ბ. სარქისოვი, გ. ახვლედიანი, მ. ფილიპოვი, ო. სულაბერიძე და სხვ. შემდეგ ქართულ კ-ში ლიდერობდა თბილისის "დინამოს კალათბურთელთა გუნდი", რ-ის კაპიტანი ო. ქორქია 40–50-იან წლებში სსრკ ნაკრები გუნდის წამყვანი მოთამაშე იყო. ეს გუნდი 1950, 1953, 1954 და 1968 წლებში გახდა სსრკ ჩემპიონი, 1949, 1950, 1951 და 1969 – სსრკ თასის მფლობელი, 1962 კი ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასი მოიპოვა. ქართველმა კალათბურთელებმა სსრკ ნაკრების შემადგენლობაში არაერთ საერთაშ. ტურნირში მოიპოვეს გამარჯვება, მ. შ. ოლიმპიურ თამაშებში (ზ. საკანდელიძე, მ. ქორქია), მსოფლიოს (ზ. საკანდელიძე, ნ. დერიუგინი) და ევროპის (ო. ქორქია, ნ. ჯორჯიკია, გ. მინაშვილი, ვ. უგრეხელიძე, ზ. საკანდელიძე, ა. სხიერელი, ს. კოვალენკო, მ. ქორქია, ნ. დერიუგინი) ჩემპიონატებში. კ-ის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სხვადასხვა დროს სსრკ დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭათ გ. ავალიშვილს, ლ. ძეკონსკის, შ. დიასამიძეს, მ. კეკელიძეს, გ. ბაბახანიდს, გ. მეუნარგიას, ა. მესხს, ს. თორთლაძეს და ო. ქორქიას. წლების განმავლობაში სხვადასხვა თაობის მწვრთნელთა ნაყოფიერმა მუშაობამ და კალათბურთელთა ოსტატობამ საქართველოს სახელი გაუთქვა კ-ის სამყაროში. XX ს. 50-იანი წლებიდან მოყოლებული, ოფიც. თუ ამხანაგური მატჩების გასამართავად ჩვენთან ჩამოდიოდნენ ევროპის წამყვანი საკლუბო და ეროვნ. ნაკრები გუნდები. 1958–72 წლებში თბილისს ოთხჯერ ეწვია აშშ-ის კაცთა და ქალთა სამოყვარულო ნაკრები.
ქალთა პირველი გუნდები საქართველოში 30-იან წლებში შეიქმნა. მათგან საუკეთესო იყო თბილ. "ბურევესტნიკი", რ-მაც სსრკ ჩემპიონატში ზედიზედ ორჯერ (1965–66) დაიკავა მეორე ადგილი, 1969 კი თასის გათამაშების ფინალში გავიდა. ამ გუნდში გამოდიოდნენ ე. დურმიშიძე, ლ. ქველიძე, ნ. ჯაფარიძე, ც. ჯანელიძე, მ. სურგულაძე, ა. კოვზირიძერუსკინა და სხვ. ქართველ კალათბურთელ ქალთაგან ყველაზე ტიტულოვანია ა. ასიტაშვილი. მან სსრკ ნაკრებთან ერთად ორჯერ გაიმარჯვა ევროპის ჩემპიონატში (1954, 1956).
1991-იდან ქართ. კ. დამოუკიდებლად ვითარდება. 1994 შეიქმნა საქართვ. კაცთა და ქალთა ეროვნ. გუნდები, რ-ებიც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირებში მონაწილეობენ. კაცთა ნაკრებმა ევროპის სამ ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა (2011, 2013, 2015). რამდენიმე ქართვ. კალათბურთელი ევროპის ცნობილ კლუბებში ასპარეზობდა, ვ. სტეფანია, ნ. ცქიტიშვილი, თ. შენგელია კი აშშ-ის ეროვნ. საკალათბურთო ასოციაციაში იყვნენ მიწვეულები. დღეს იქ ჩვენი ერთადერთი წარმომადგენელი, ნაკრების კაპიტანი (2017-მდე) ზ. ფაჩულია (პირველი ქართველი კალათბურთელი, რ-იც 2017-ში აშშ-ის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონი გახდა) ასპარეზობს. ესპანეთის ლიგაში ასპარეზობენ გ. შერმადინი (ევროლიგის ორგზის ჩემპიონი; 2009, 2013) და თ. შენგელია.
საქართვ. კ-ის ფედერაცია (ამჟამად – საქართვ. კ-ის ეროვნ. ფედერაცია) დაფუძნდა 1991 წ. 4 ივნისს. 1992 წ. 10 ივლისიდან იგი კ-ის საერთაშ. ფედერაციისა (FIBA) და ევროპის კ-ის კონფერენციის, ხოლო 2003-იდან ფიბა-ევროპის ფედერაციის წევრია. პრეზიდენტები: ა. ჩხეიძე (1991–95), ა. საყვარელიძე (1995–97), გ. ქათამაძე (1998–2001), ბ. ლიპარტელიანი (2001–13), მ. გაბრიჩიძე (2013– 17), პ. გურასპაული (1917-იდან).