კალანდა

კალანდა, კანდა, დასავლეთ საქარ­თვე­ლოს რეგიონებში ახა­ლი წლის წინა დღის (ზოგან თვითონ ახა­ლი წლის ან მეორე დღის) ყველაზე გავრცელებული სა­ხე­ლი. კ. შორეულ წარსულში რომაელთაგან ბიზანტიელი ბერძნებისაგან ნასესხებად ითვლება და იმავე მნიშვნელობისაა, რაც რუსული კოლიადა და რომაული კალენდა. შესრულებული რიტუალების მრავალფეროვნება და სიხშირე, რეგიონების მიხედვით, დამატებითი აღწერილობითი ხასიათის სახელწოდებების არსებობას განაპირობებს, მაგ.: ცხემლისჭრა (გურია), ღორით ლოცვა (ღეჯ-ხვამა – სამეგრელო და აფხაზეთი), ფაფით ლოცვა (შუშხვამ – სვანეთი), დამახვილება ღამე (ხევი) და სხვ.

სა­ქარ­თვე­ლო­ში საყოველთაოდ იყო გავრცელებული საახალწლოდ დილით ტყეში წასვლა და მარადმწვანე მცენარეებთან ერთად შეშით სავსე მარხილის მოტანა, ამ შეშით საახალწლო ცეცხლის დანთება და მასზე მკითხაობა.

საცხოვრებელ სახლსა და ყვე­ლა სამეურნეო ობიექტზე აუცი­ლებლად უნდა დაეწყოთ ან გაეკეთებინათ ეკლისფოთლიანი ან ეკლიანი [დას-ში – ძეძვი (ბაძგარი), აღმ-ში – ასკილი] მცენარე. აღნიშნული წესი, მათი რწმენით, მიზნად ისახავდა ღამით ავი სულების დაფრთხობას. ხევში ამგვარი ეკლიანი მცენარის პატარა ნაწილებს მახვილებს ეძახდნენ. აქედანვე მომდინარეობს ახა­ლი წლის წინა ღამის ად­გილ. სახელ­წოდება "დამახვილება".

დას. სა­ქარ­თვე­ლო­ში ამავე საღამოს ტყიდან მოტანილი თხილის ხისაგან აკეთებდნენ რიტუალურ ხეს – ჩიჩილაკს. სიცოცხლის ხის ერთ-ერთ ნაირსახეობად მიჩნეული ჩიჩილაკი ირთვებოდა და იკაზმებოდა ნაყოფიერების სხვა­დასხვა სიმბოლოთი (მაგ.: ვაშლი, ბროწეული, მანდარინი, ტკბილეულობა და სხვ.). ზოგიერთ რეგიონში (მაგ., რაჭასა და ლეჩხუმში) მას ცვლიდა გვერგვი, რ-იც ჩიჩილაკის მსგავსად ირთვებოდა და საახალწლო საკვლევის აუცილებელ ელემენტს წარმოადგენდა.

ახა­ლი წლის წინა საღამოს (ზოგან – გამთენიისას) აუცილებლად სრულდებოდა ღორის სალოცავი (რაჭა-ლეჩხუმი; ლალყაჯის წესი – სვანეთი და სხვ.), რისთვისაც იკვლებოდა ე. წ. საკალანდო ღორი, ცხვებოდა საახალწლო რიტუალური პურები. ერთ-ერთი ასეთი საწესო პური იყო საკალანდო ღორისქონიანი განატეხი. დასტურდება ამ საწესო პურის სხვა­დასხვა ად­გილ. სახელწოდება (სირის კუდი – რაჭა, საკვაკვავი – გურია და სხვ.). ოჯახის უფროსი კაცი ან ქალი ვახშმობამდე ამ პურს ღორის მოხარშულ ღვიძლსა და ერთ ჭიქა ღვინოს დაადებდა, საღორის კართან მიიტანდა და წმ. ბასილს შესთხოვდა მათ გამრავლებას.

საკალანდოდ აცხობდნენ აგ­რეთვე ზოომორფულნიშნიან პურებს, ბედის კვერებს, ხმელა პურებს ოჯახის ყველა წევრისთვის, კაცის ფორმის პურებს – ბასილებს. საქმიანობის მიხედვით, მამაკაცებისა და ქალებისათვის ცხვებოდა სხვა­და­სხვა სახის (მაგ.: ­იარაღის ფორმის) რიტუალური ­პურები. ასევე სპეციალური პურები ცხვებოდა ცხოველთა ნაყოფიერებისა და მოსავლის სიუხვისთვის. ზოგჯერ ყველა რიტუალურ პურს ბასილა ეწოდებოდა. ქარ­თულ ტრადიციაში დასტურდება რიტუალური პურებისათვის ან ცხოველებისათვის ღვთაების ან წმინდანების სახე­ლების შერქმევა (ზოგიერთ შემთხვევაში მათ უკან წინაქრისტიანული ხანის რწმენა-წარმოდგენები იკითხება).

ხალხის წარმოდგენით კ-ის ღამეს მაგიური ძალა გააჩნდა და მომავალი წლის ავკარგიანობას განსაზღვრავდა. ახა­ლი წლის პირველ დღეს ცდილობდნენ მთელი წლისთვის დაეკვებებინათ კეთილდღეობა და ნაყოფიერება, კერძოდ, განსაკუთრებულ მნიშვ­ნელობას ანიჭებდნენ რიტუალურ საკვებს და ტრაპეზს, რ-იც, გარკვეული აზრით, შელოცვას წარმოადგენდა, რათა მომავალ წელს ოჯახს ბარაქა დაჰბედებოდა. აგრარული ინტერესები მკაფიოდ ჩანს მეკვლის სურვილებსა და ქმედებებში.

ლიტ.: ა ბ ა კ ე ლ ი ა  ნ., ა ლ ა ვ ე რ დ ა­ შ ვ ი ­ლ ი  ქ., ღ ა მ ბ ა შ ი ძ ე  ნ., ქარ­თულ ხალხურ დღეობათა კალენდარი, ქართვე­ლე­ბი. წგ. 18, თბ., 2016; ბ ა რ დ ა ვ ე ლ ი ძ ე  ვ., სვანურ ხალხურ დღეობათა კალენდარი, I (ახა­ლი წლის ციკლი), თბ., 1939; ო ჩ ი ა უ რ ი  ალ., ქარ­თული ხალხური დღეობების კალენდარი (არხოტის თემი), თბ., 1988; ღ ა მ ბ ა შ ი ძ ე  ნ., ახალწლის დღეობათა ციკლი აღმოსავლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში (ერწო-თიანეთი), თბ., 2004.

ნ. აბაკელია