კალანდარიშვილი ოთარ დიმიტრის ძე (16. VII. 1925, თბილისი, – 18. IX. 2003, იქვე), არქიტექტორი. საქართვ. დამს. არქიტექტორი (1967). 1950 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემია. 1951–2003 მუშაობდა „თბილქალაქპროექტში" არქიტექტორად, პროექტის მთ. არქიტექტორად, არქიტ. სახელოსნოს ხელმძღვანელად. გარდა შემოქმედებითი საქმიანობისა, ეწეოდა პედ. მოღვაწეობასაც თბილ. სამხატვრო აკადემიის არქიტ. ფაკ-ტზე (1955– 77).
საკონკურსო პროექტები: ვახტანგ გორგასლის ძეგლი თბილისში, 1957, III პრემია (მოქანდაკე გ. კორძახია); საქართვ. კულტურული ცენტრი იერუსალიმში, 1997, წამახალისებელი პრემია (არქიტ. დ. მორბედაძესთან და ნ. ქუმსიაშვილთან ერთად). ნამუშევრები: პიონერთა და მოსწავლეთა (ამჟამად მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული) სასახლის ბაღის ჭედური ღობე (1952; არქიტ. დ. მორბედაძესთან ერთად); ინდივიდ. სააგარაკო სახლები დაბა წყნეთში (1953); მეტროს სადგ. „რუსთაველის მოედნის" ზედა პავილიონი (1965); სასტუმრო „ივერია" (ამჟამად „რედისონ-ივერია") თბილისში (1967; თანაავტორი არქიტ. ი. ცხომელიძე, სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია, 1972); შ. ნუცუბიძის ქუჩის ფერდობების განაშენიანება თბილისში – საცხოვრ. კომპლექსი „შატილი" (1974–76; არქიტ. გ. ფოცხიშვილთან ერთად); მემორიალი ქუთაისში (1978; მოქანდაკე მ. ბერძენიშვილი); რესპუბლიკის (ამჟამად პირველი რესპუბლიკის) მოედანი და სამსართულიანი სავაჭრო-საზოგადოებრივი ცენტრი თბილისში (1982; არქიტ. გ. ფოცხიშვილთან ერთად); დავით აღმაშენებლის ძეგლი თბილისში (1998; მოქანდაკე მ. ბერძენიშვილი). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998).