კალანდია გენო ვლადიმერის ძე (15. IV. 1940, ზუგდიდი, – 15. III. 2017, თბილისი), პოეტი, დრამატურგი. შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (2013). აფხაზეთის ომის ვეტერანი. 1962–64 სწავლობდა მოსკოვში, ჟურნალისტიკის უმაღლეს კურსებზე, მუშაობდა საოლქო გაზ. „საბჭოთა აფხაზეთის" რედაქციაში. 1974-იდან იყო აფხაზეთის თეატრალური საზ-ბის თავ-რე, იმავდროულად – აფხაზეთის მწერალთა კავშირის მდივანი, 1989-იდან – თავ-რე, ალმანახ „რიწის" პ/მგ მდივანი, 2010-იდან – აფხაზეთის ლიტ-რისა და ხელოვნების შემოქმედებითი კავშირის თავ-რე, 2015-იდან – საქართვ. მწერალთა ეროვნ. აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრი. იყო საქართვ. პარლამენტის მე-2, მე-3, მე-4 მოწვევის დეპუტატი, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საპარლამენტო კომისიის თავ-რე. კ-ს პირველი წიგნი „ცა და ფოთლები" გამოვიდა 1966, პირველი პიესები – „მთვარის საათი", „ადგილის დედა", „ძე შეცთომილი" დაიდგა სოხუმის სახელმწ. დრამ. თეატრში. ავტორია 30-მდე პოეტური კრებულის და დრამატული პიესისა. კრებულები: „ფესვები" (1990, 2011), „გრაალი და კარიატიდები" (1994), „რეკვიემი" (1999, 2008), „მესამე თვალი" (2002), „ასი ლექსი" (2009), „საგალობლები უფლისათვის" (2014, 2017), „ორტომეული" (2015) და სხვ. მისი ლექსები თარგმნილია რამდენიმე უცხო ენაზე. 1993 დააარსა და წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა აფხაზი პოეტის, გ. შერვაშიძის სახ. სახელმწ. პრემიების კომიტეტს. კ-ს მინიჭებული აქვს საქართვ. სახელმწ. პრემია (1994), ასევე გ. შერვაშიძის (2002), ი. ჭავჭავაძის (2003), საგურამოს (2015) ლიტ. პრემიები.
დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998).
ლიტ.: მესხია ც., გენო კალანდიას პარადიგმების სამყარო, თბ., 2014; ძმები კალანდიები, 3 ტომად, თბ., 2003.