კალატოზიშვილი გიორგი (ტიტო) მიხეილის ძე

გ. კალატოზიშვილი

კალატოზიშვილი გიორგი (ტიტო) მიხეილის ძე (26. IX. 1929, თბილისი, – 22. VII. 1984, იქვე), კინოოპერატორი, კინორეჟისორი. სა­ქართვ. სახ. არტისტი (1980). დაამთავრა კინემატოგრაფიის საკავშ. სა­ხელმწ. ინ-ტის საოპერატორო ფაკ-ტი (ბ. ვოლჩეკის სახელოსნო, 1954). კ-ის პირველი ოპერატორული ნამუშევარია ფილმი "პატარძალი" (ვ. კოროტკოვთან ერთად. რეჟ. გ. ნიკულინი, ვ. შრედელი, 1957, რუსეთი). 1958-იდან მუ­შა­ობ­და კინოსტუდია "ქართულ ფილმში" დამდგმელ ოპერატორად. გადაიღო ფილმები: "წარსული ზაფხული" (1959), "ამ­ბავი ერთი ქალი­შვი­ლისა" (1960), "ჭიაკოკონა" (1961), "მე, ბე­ბია, ილიკო და ილარიონი" (1962), "თეთრი ქარავანი" (ლ. კალაშნიკოვთან ერთად, 1963), "მე ვხედავ მზეს" (1965), "მაცი ხვიტია" (ი. ამასიისკისთან ერთად, 1966), "ლონდრე" (1966). კ-ის სარეჟისორო დებიუტია სატელევიზიო ნოველა "არღანი" (1967). დამდგმელი რეჟისორია ფილმებისა: "ფილატელისტის სიკვდილი" (1969), "მე, გამომძიებელი" (1971), "კაფე იზოტოპი" (1977, "მოსფილმი"); "ციმბირელი პაპა" (1973), "კიკვიძე" (გ. გაბესკირიასთან ერთად, 1980). ლ. ტოლსტოის ნაწარმოებების მიხედვით გადაიღო სატელევიზიო ფილმები "კავკასიის ტყვე" (1976 – კინოპრესის საერთაშ. ფედე­რაციის პრიზი, მონტე-კარლოს სატელევიზიო ფესტივალი, 1978) და "კავკასიური ამბავი" ("კაზაკების" მიხედვით, 1978). ქართ. მუს. ფოლკლორის პოპულარიზატორს, ჩეხ მუსიკოსსა და მომღერალს, იოსებ ნავრატილს მიუძღვნა ფილმი "გმადლობთ, რატილი" (1983). მუ­შა­ობ­და ფილმზე "სკაპენის ოინები" (მოლიერის პიესის მიხედვით), რ-იც მისმა ვაჟმა – მ. კალატოზიშვილმა დაასრულა. მიღებული აქვს სა­ხელმწ. ჯილდოები.

მ. კერესელიძე