კალაური

კალაური, სოფელი გურჯაანის მუნიციპალიტეტში (კა­ხე­თის რეგიონი), გომბორის ქედის ჩრდ.- აღმ. კალთაზე. სათავო სოფელი. რკი­ნი­გზის სადგური. ზ. დ. 550 მ, გურჯაანიდან 17 კმ. 2,0 ათ. მცხ. (2014).

კ. წყაროებში პირველად 1392 საკათოლიკოსო სოფლების ნუსხაში გვხვდე­ბა. სოფელი მოხსენიებული აქვს ი. გიულდენშტედტს. სოფელში დგას XVIII ს. წმ. ნინოს დარბაზული ეკლესია. სოფლის ზემოთ, სასაფლაოზე, – წმ. გიორგის ე. წ. სამეკლესიიანი ბაზილიკაა, რ-იც VI–VII სს. განეკუთვნება. XVI ს-ში ეკლესია მოუხატავთ. დას. ფასადის წყობაში ჩასმულ ქვაზე ამოკვეთილი წარწერიდან ირკვევა, რომ 1873 სოფლის მოსახლეობას ეკლესია განუახლებია. 2009, მხატვრობის კონსერვაციისას, საკურთხევლის აფსიდის ჩრდ. ნაწილში, კედლის ზედაპირიდან ჭვარტლის მოხსნის შემდეგ, გამოჩნდა წმ. ნინოს გამოსახულება შესაბამისი ასომთავრული წარწერით. სოფლის ზემოთ, ტყეში, კიდევ რამდენიმე ეკლესიაა – სამყინაურის (VI–VII სს.), უნაგვერდის (VI–VII სს.), კორდომიანის (IX ს.) და მთავარ­ანგელოზთა (შუა საუკუნეები). განსაკუთრებით საინტერესოა სოფლის სამხრ.-დასით, ხუთიოდე კმ-ის დაშორებით მდებარე მონას­ტერი, რ-იც IX ს-ით თა­რიღ­დე­ბა. მონასტერში შედის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, მცირე სამლოცველო, სატრაპეზო, მარანი, საძვალე, კარიბჭე და სხვა­და­სხვა დანიშნულების ნაგებობათა ნანგრევები.

ლიტ.: სა­ქარ­თვე­ლოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, [ტ.] 1-I, თბ., 2013.