კალგინი ანატოლი ნიკოლოზის ძე

კალგინი ანატოლი ნიკოლოზის ძე [20. IV (2.V). 1875, ვლადიკავკაზი, – 27. III. 1943, თბილისი], არქიტექტორი. დაამთავრა პეტერბურგის სამოქალაქო ინ­ჟი­ნერ­თა ინ-ტი (1900). მუ­შა­ობ­და პიატიგორსკში არქი­ტექტორის თა­ნაშემ­წედ სააბაზანო შენობების მშენებლობაზე, 1901–05 – ბაქოში, 1905–07 დაწყებით დაპროექტებას ას­წავ­ლი­და მოსკოვის სტროგანოვის სასწავლებელში, 1907-იდან კი თბილისში დამკვიდრდა. 1922- იდან ეწეოდა პედ. მოღვაწეობას. 1922–30 იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის, ხოლო 1930-იდან გარდაცვალებამდე – ინდუსტრიული ინ-ტის პროფესორი.

კ-მა თავისი მოღვაწეობა მჭიდროდ დაუკავშირა ქარ­თულ კულტ.-სამეცნ. საქმიანობას. 1907 მონაწილეობდა ე. თაყაი­შვი­ლის მიერ ჩატარებულ ექსპედიციაში არტაანის, ოლთისისა და ყაღიზმანის ოლქებში, სადაც აზომა როგორც სას., ისე საფორტიფიკაციო დანიშნულების მრავალი ნაგებობა, მ. შ. ქართ. ხუროთმოძღვრების უმნიშვ­ნე­ლო­ვანესი ძეგლი – ბანას ტაძარი, რ-ის რეკონსტრუქციის საკუთარი ვარიანტიც შეადგინა. 1917 კ. ე. თაყაიშვილთან ერთად კვლავ ტაო-კლარჯეთშია. ამ ექსპედიციის დროს მის მიერ შესრულებულ ანაზომებს ფასდაუდებელი მნიშვნელობა ჰქონდა ქართ. ხუროთმოძღვრების კვლევისათვის, რადგანაც წლების განმავლობაში ეს იყო ­ერთადერთი გრაფ. დოკუმენტი X–XI სს. შესანიშნავი ძეგლებისა – ოშკის, ხახულის, იშხნის და სხვათა შესასწავლად. კ. შემოქმედებით საქმიანობასაც ეწეოდა. მის ნამუშევართაგან აღსანიშნავია თბილ. სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის შენობა, რ-ის პროექტი მან მხატ­ვარ ჰ. ჰრინევსკისთან ერთად შეადგინა და რ-საც თვალსაჩინო ადგილი უჭირავს ახ. ქართ. ხუროთმოძღვ­რების ისტორიაში (1913–16, ახლანდ. საქართვ. პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პირველი კორპუსი), აგრეთვე ზემოავჭალის ჰესი (ზაჰესი, 1927, კ. ლეონტიევთან და მ. მაჭავარიანთან ერთად), რ-ის არქიტექტურამ დიდი გავლენა იქონია იმ დროის ქარ­თულ ხუროთმოძღვრებაზე. დაკრძალულია მცხეთაში, სამთავროს ტაძრის გალავანში.