კალენდარი

კალენდარი [ლათ. calendarium მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გავრცელებული კ. შეიქმნა ძვ. წ. I ს-ში. იულიუს კეისარმა, ეგვიპტელი ასტრონომის, სოზიგენ ალექსანდრიელის რჩევით, ძვ. წ. 45 წ. 1 იანვრიდან შემო­იღო წელთაღრიცხვის სისტემა, რ-ის მიხედვით ყოველი მომდევნო სამი წელიწადის ხანგრძლივობად მიჩნეულია 365 დღ-ღ, ხოლო ყოველი მეოთხე წელიწადისა (ნაკიანი წელიწადი) – 366 დღ-ღ. შესაბამისად, წელიწადის საშ. ხანგრძლივობად მიჩნეულია 365,25 დღღ, რაც საკმარისად ახლოა მზისიერი წელიწადის ჭეშმარიტ ხანგრძლივობასთან (365,2422 დღ-ღ).

წელიწადის 12 თვედ დაყოფისას (ასეთი დაყოფა ადრეც იყო ცნობილი ძვ. რომში), ყოველ თვეში, გარკვეული კანონზომიერებით, 30 ან 31 დღ-ღ მოაქციეს, ხოლო თებერვალში – 28 (ჩვეულებრივი წელიწადი) ან 29 (ნაკიანი წელიწადი). ნაკიანად ჩაითვალა ყოველი ის წელიწადი, რ-ის რიგითი ნომერი 4-ზე იყოფა უნაშთოდ. იულიუსის წელიწადი შეიცავს 52 შვიდდღიან კვირას და 1 (ჩვეულებრივი წელიწადი) ან 2 (ნაკიანი წელიწადი) დღ-ღ-ს. ამიტომ კვირის დღე, რ-ითაც იწყება წელიწადი, წლიდან წლამდე ცვალებადობს. კვირის დღეთა თანმიმდევრობა თვეების (თარიღების) მიხედვით მეორდება ყოველ 28 (28=7×4) წელიწადში. ამ განმეორებადობას ზოგჯერ მზის 28-წლიან ციკლს უწოდებენ.

ქრისტიანულ­მა ეკლესიამ იულიუსის კ. 325 წ. ცნო, მაგრამ იგი სა­ბო­ლოოდ VII ს-ში მოწესრიგდა. იულიუსის საშ. და მზისიერ წელიწადებს შორის ყოველი 4 წლის განმავლობაში დაგროვილი განსხვავება (დაახლ. 44 წთ და 56 წმ) საუკუნეების განმავლობაში იმდენად გაიზარდა (ერთი სრული დღ-ღ განსხვავება გროვდება დაახლ. 128 წელიწადში, რაც ყოველი 4 საუკუნის განმავლობაში 3 დღ-ღ-ზე მეტს იძლევა), რომ მისი უგულებელყოფა შეუძლებელი გახდა: ბუნიობებისა და მზებუდობების დღეები სულ უფრო ადრინდ. კალენდარულ რიცხვებზე გადადიოდა, ეს კი ქრისტიანული ეკლესიისთვის ­უმნიშვ­ნე­ლო­ვანე­სი დღესასწაულების, პირველ ­რიგ­ში, აღდგომის ­დღესასწაულის თარიღის სწორად დადგენას ართულებდა. მაგ., IV ს-ში გაზაფხულის ბუნიობა 21 მარტს აღინიშნებოდა, XVI ს-ში კი – 11 მარტს, ანუ XVI ს-ში იულიუსის წელთაღრიცხვა 10 დღ-ღით "ჩამორჩა ბუნებას". იულიუსის წელთაღრიცხ­ვის სისტემის რეფორმა განა­ხორციელა რომის პაპმა გრიგოლ XIII-მ. მისი ბულის საფუძველზე თარიღები გადასწიეს 10 დღით: 1582 წ. 4 ოქტომბრის მომდევნო დღე გამოცხადდა 15 ოქტომბრად, რის შედეგად გაზაფხულის ბუნიობა კვლავ 21 მარტს დაემთხვა. აცდენის შემდგომი დაგროვების თავიდან ასაცილებ­ლად გრიგოლ XIII-ის რეფორმა ითვალისწინებდა, რომ ყოველი საუკუნის ბოლო წელიწადი ჩაეთვალათ ჩვეულებრივ წლად, 28-დღიანი თებერვლით (იულიუსის კ-ის თანახმად, ეს წლები ნაკიანი უნდა ყოფილიყო), გარდა იმ საუკუნეებისა, რ-თა რიგითი ნომერი უნაშთოდ იყოფა 4-ზე. ეს რეფორმა კიდევ უფრო აახლოვებს სამოქალაქო წელთაღრიცხვას წელთა ბუნებრივ მიმდინარეობასთან: 400-წლიანი პერიოდი შეიცავს 146 097 დღ-ღ, ანუ ზუსტად 20871 კვირას, ამიტომ ამ პერიოდის შემდეგ კვირის დღეთა თანმიმდევრობა მეორდება თარიღების მიხედვით. წელიწადის საშ. ხანგრძლივობა უტოლდება 365,2425 დღ-ღ-ს; 1 დღ-ღ ცდომილება დაგროვდება დაახლ. 3300 წლის განმავლობაში. ეს ნიშნავს, რომ კ-ის პრობლემები პრაქტიკულად გადაწყვეტილია. გრიგორიანულ კ-ს უწოდებენ წელთ­აღრიცხვას ახალი სტილით. პირველად ახა­ლი სტილი შემოიღეს XVI ს. 80-იან წლებში იტალიაში, ესპანეთში, პორტუგალიაში, პოლონეთში, საფრანგეთში, უნგრეთსა და ევროპის ზოგიერთ სხვა სახელმწიფოში, უფრო გვიან – გერმანიაში (XVII – XVIII სს.), ინგლისში (XVIII ს.), იაპონიაში (XIX ს.). რუსეთსა და სა­ქარ­თველო­ში ახ. სტილი შემოიღეს 1918. მართლმადიდე­ბელ ეკლესიათა უმეტესობა, მ. შ. ქარ­თ. მართლმადიდებელი ეკლესია განაგრძობს იულიუსის კ-ით (ძვ. სტილით) სარგებლობას. განსხვავება ძველსა და ახ. სტილს შორის 1900 წ. 13 მარტის (ახ. სტილით) შემდეგ შეადგენს 13 დღ-ღ, და ასეთი დარჩება 2100 წლის 13 მარტამდე (ახ. სტილით; ძვ. სტილით – 28 თებერვლამდე). ამ თარიღის მომდევნო დღე ახ. სტილით იქნება 2100 წ. 14 მარტი, ხოლო ძვ. სტილით – 29 თებერვალი და განსხვავება ძვ. და ახ. სტილს შორის გაიზრდება 14 დღ-ღ-მდე.

აღმოსავლეთისა და აფრიკის ზოგიერთ სახელმწიფოში (ერაყი, ლიბანი, სირია, ალჟირი, მაროკო და სხვ.) იყენებენ მთვარის ფაზებზე დაფუძნებულ ე. წ. ჰიჯრას – მთვარისმიერ კ-ს, რ-ის მიხედვით წელიწადი შეიცავს 30 და 29 დღ-ღ-იან 12 თვეს (354 დღ-ღ). ამ კ-ის საწყისად მიჩნეულია ჰიჯრა – მექადან მედინაში მუჰამედ მოციქულისა და მის მიმდევართა გადასახლების თარიღი – ახ. წ. 622 წ. 16 ივლისი. მთვარისმიერი ჰიჯრით წელიწადის ხანგრძლივობა 11–12 დღ-ღ-ით ნაკლებია, ვიდ­რე გრიგორიანული კ-ით და ყოველ 33 წელიწადში გროვდება 1 წ განსხვავება ბუნებრივ მიმდინარეობასთან. ირანსა და ავღანეთში იყენებენ მზისიერ ჰიჯრას (შემუშავდა ომარ ხაიამის მო­ნა­წილე­ო­ბით). მას საფუძვლად უდევს მზის წელიწადი. მზისიერ ჰიჯრაში კ-ის საწყი­სად მიჩნეულია ახ. წ. 622, ხოლო წლის დასაწყისად – გაზაფხულის ბუნიობის თარიღი, ნავრუზი (გაზაფხულის დღესასწაული).

ტრადიციულსა და კონსერვატულ კ-ს უპირისპირდება ტენდენცია, დამკვიდრდეს ერთიანი მსოფლიო კ., რ-ის როლს ამჟამად გრიგორიანული კ. ასრულებს.

ლიტ.: Г о р о д е ц к и й  М. Л., К вопросу о точности григорианского календаря и лунного цикла, Историко-астрономические исследования, вып. ХХХV, M., 2010; Ф ё д о р о в  В. М., Межгодовые вариации продолжительности тропического года, «Доклады РАН», 2013, т.451, № 1.

ე. ხარაძე

ი. ლომიძე

ქ ა რ ­თ უ ლ ი კ., უძველეს დროში, ძვ. წ. V ს-მდე (სხვა მოსაზრებით, ძვ. წ. I ს-მდე) ქარ­თვე­ლე­ბი მთვარის კ-ით სარგებლობდნენ. ამ კ-ით წელიწადში 354 დღე-ღამეა. შემდგომ პერიოდში მთვარის კ. შეცვალა მზის კ-მა, რ-ის მიხედვით წელიწადი 365 დღ-ღ-ისგან შედგება. ძვ. წ. I ან ახ. წ. I ს-ში სა­ქარ­თვე­ლო­ში შემოიღეს ნაკიანი წლების სისტემა, რ-ის თანახმად კალენდარული წელიწადი შედგებოდა 30-დღეღამიანი 12 თვისგან. XII თვის ბოლოს ამატებდნენ ჩვეულებრივ წელიწადში 5, ხოლო ნაკიანში – 6 დამატებით დღეს (ეპაგომენებს, იხ. ცხრილი). ახალი წელი აგვისტოში იწყებოდა. ასეთ წელიწადს აგვისტოს სტილის წელიწადი ეწოდება. ქრისტიანობის სა­ხელმწ. რელიგიად გამოცხადების (IV ს.) შემდეგ, აგვისტოს სტილის წელიწადი თანდათანობით იცვლება სექტემბრის სტილის წელიწადით, რის თანახმად ახ. წელი 1 სექტემბერს იწყებოდა (განმტკიცდა VII–VIII სს-ში). ამ დროიდან შემოდის თვეთა რომაული სახელებიც (ე. ი. ის სახელები, რ-თაც ახლა ვიყენებთ), თუმცა პარალელურად ძვ. ქართ. სახელებსაც ხმარობდნენ. VIII– IX სს. მიჯნაზე შემოდის მარტის, ხოლო X ს-იდან – იანვრის სტილის წელიწადი, რ-იც XIII–XIV სს-ში მკვიდრდება. სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთდროულად სხვა­და­სხვა სტი­ლის წელიწადს იყენებდნენ. წლების აღსარიცხავად სარგებლობდნენ სხვა­და­სხვა სისტემით: ირან. შაჰების, ბიზანტ. კეისრებისა და გაერთ. სა­ქარ­თვე­ლოს მეფეთა მეფობის წლები; არსებობდა სხვა­დასხვა რელიგიური ერა, ანუ წელთაღრიცხვის სისტემა: ერა „დასაბამითგან“ (ანუ „ქვეყნის შექმნიდან“), ერა ქრისტეს შობიდან, ერა ჯვარცმა-აღდგომიდან, ქორონიკონული ერა. დასაბამითგან ერათა შორის ყველაზე უფრო გავრცელებული იყო 5604-წლიანი ქარ­თული და 5508-წლიანი ბიზანტიური ერა, რ-თა მიხედვით, ღვთის მიერ სამყაროს შექმნიდან ქრისტეს შობამდე 5604 ან, შესაბამისად, 5508 წელიწადი გავიდა. ქორონიკონული (ბერძნ.) ერა და მასთან ერთად მარტის სტილის წელიწადი VIII–IX სს. მიჯნაზე შემოვიდა, აშოტ I დიდის დროს. ეს არის წელთაღრიცხვა 532-წლიანი ციკლით. 532-წლიან პერიოდს მოქცევას (კიკლოსს, დიდ ინდიქტიონს) უწოდებენ. 532-წლიანი მოქცევა არის მზის 28-წლიანი ციკლისა (7×4=28) და მთვარის 19-წლიანი ციკლის (იხ. სტ. მთვარე) ნამრავლი: 28×19=532. ამიტომ ყოველ მოქცევაში მეორდება წელიწადის განმავლობაში კვირის დღეების თანმიმდევრობა, ახალმთვარეობათა და სავსემთვარეობათა თარიღები და (თითქმის ზუსტად) მზის და მთვარის დაბნელებათა მიმდევრობა (იხ. აგრეთვე სტ. საროსი). დიდი ინდიქტიონი ყველა ქრისტიანულ ქვეყანაში მიღებული იყო ე. წ. პასქალური სისტემის საფუძვლად, რითაც მარტივია აღდგომის თარიღის გამოთვლა. მოქცევათა ათვლა ძვ. წ. 5604 წლიდან (დასაბამითგან) იწყება. ქორონიკონით, ქრისტეშობის წელიწადია (ანუ ახ. წელთაღრიცხვის დასაწყისია) მე-11 მოქცევის 284 წელი. მე-11 მოქცევა დასრულდა ახ. წ. 248. მე12 მოქცევა დაიწყო ახ. წ. 249 და დასრულდა 780 წელს. შესაბამისად, 781–1312 პერიოდი არის მე13, ხოლო 1313–1844 – მე-14 მოქცევა. ამჟამად ვცხოვრობთ მე-15 მოქცევაში, რ-იც დაიწყო 1845 და დასრულდება 2376 წელს. ქარ­თულ დოკუმენტურ წყაროებში მე-13 მოქცევაზე ადრინდელი დათარიღება არ მოიპოვება. 1918-მდე სა­ქარ­თვე­ლო­ში იყენებდნენ იულიუსის კ-ს. გრიგორიანული კ. შემოიღეს 1918 წლის 1 მაისიდან (1918 წლის 18 აპრილი გამოცხადდა 1 მაისად). ქართ. წარმართული კ-ის თვეთა სახელები და მათი შესაბამისობა იულიუსის კ-თან. სახელწოდება პერიოდი

I. ახალწლისა 6. VIII – 4.
II. ს­თვლისა 5. IX – 4. X
III. ტირისკნისი 5. X – 3. XI
IV. ტირისდენი 4. XI – 3. XII
V. აპანი, აპნისი 4. XII – 2. I
VI. სარწყუნისი,
სურწყუნისი 3. I – 1. II
VII. მირკანი 2. II – 3. III
VIII. იგრიკა 4. III – 2. IV
IX. ვარდობისა 3. IV – 2. V
X. მარიალისა 3. V – 1. VI
XI. თიბისა 2. VI – 1. VII
XII. ქველთობისა 2. VII – 31. VII
XIII. ეპაგომენები 1.VIII–5(6)VIII

ლიტ.: ი ნ გ ო რ ო ყ ვ ა  პ., ძველ-ქართული წარმართული კალენდარი V– VIII სს. ძეგლებში, «სა­ქარ­თვე­ლოს მუზეუმის მოამბე», 1929–32, ტ. 6–7; კ ე კ ე ლ ი ძ ე  კ., ძველი ქარ­თული წელიწადი, მის წგ.: ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, [ტ.] 1, თბ., 1956.

ვ. გუჩუა