კალვინიზმი

კალვინიზმი (Calvinisme), პროტესტანტული რელიგიური მოძღვრება, რომლის ფუძემდებელია ფრანგი თეოლოგი ჟან კოვენი (კალვინი). ჩა­მო­ყა­ლიბ­და 1530 ქ. ჟენევაში. მიმართული იყო როგორც კათოლიციზმის, ასევე სხვა რეფორმაციების წინააღმდეგ. კ. რწმენის ერთადერთ წყაროდ მი­იჩ­ნევს ბიბლიას, აღიარებს მოძღვ­რებას მხოლოდ რწმენით გა­მართლების შე­სახებ, საეკლ. წეს-ჩვეულებებს განიხილავს როგორც დამხმარე საშუალებას ღმერთთან სულიერი კავშირის დასამყარებლად. უარყოფს წმინდანთა გამოსახულე­ბებს (ხატებს), სანთელს, ღვთისმშობლის კულტს. მათ ეკლე­სი­აში გააუქმეს სა­კურ­თხევე­ლი, ორღანი. ღვთისმსახუ­რება ამოიწურება ბიბლიის კითხვით, ფსალმუნთა გალობითა და ქადაგებით. შემცირდა საეკლ. დღესასწაულთა რაოდენობა. შვიდ საიდუმლოთაგან მხო­ლოდ ნათლობასა და ზიარებას აღიარებენ. კ-ის უმთავრესი დოქტრინა ღმერთის უზენაესი ძალაუფლებაა, რის საფუძველზეც სა­ხელმწ. ვალდებულია ეკლესიის დადგენილებებს დაემორჩილოს. კალვინისტური ეკლესიის სტრუქტურა გულისხმობს ავტონომიურ კონგრეგაციებს, რ-ებიც შესაბამისი საბჭოების მიერ იმართება. საბჭოს წევრები არიან მრევლის მიერ არჩეული პასტორი, დიაკვანი და ერთი უხუცესი.

კ. მთელ ევროპაში გავრცელდა. საფრანგეთში ისინი თავს ჰუგენოტებს, ინგლისში – პურიტანებს, შოტლანდიაში კი პრესვიტერიანებს უწოდებდნენ. გავრცელებულია კანადაში, ავსტრალიაში, აშშ-ში, სამხრ. კორეაში და სხვ.

სა­ქართველო­ში კალვინისტუ­რი ეკლესია დაარსდა ქ. ბათუმში 1995 და წარმოდგენილია წმ. სამების პროტესტანტული ეკლესიის სახით. მას ურთიერთობა აქვს ამერიკისა და გერმანიის რეფორმატორულ ეკლესიებთან. აღიარებს თეოკრატიას ეკლესიაში. საეკლ. წოდებებია: პასტორი, პრესვიტერი და დიაკონი. მათი ძირითადი დღესასწაულებია: შობა, ვნების პარასკევი, აღდგომა, ამაღლება, სულთმოფენობა და რეფორმაციის დღე – 31 ოქტომბერი. „წმიდა სამების" ეკლესიას დაქვემდებარებული თემები ბათუმის გარდა არსებობს ქობულეთში, ოზურგეთში, ფოთსა და ლანჩხუთში. კალვინის­ტები აქტიურ მო­ნაწი­ლე­ობას იღებენ ეკუმენურ შეხვედრებზე. მჭიდრო ურთიერთო­ბა აქვთ ბათუმის კათოლიკურ ეკლესიასთან და ებრაული თემის წარმომადგენლებთან, ­ახორციელებენ ჰუმანიტარულ აქციებს.

ლიტ.: რელიგიები სა­ქარ­თვე­ლო­ში, თბ., 2008; ქარ­თული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980; ძირითადი რელიგიური მიმართულებანი, თბ., 1963.

თ. მარგველა­შვი­ლი