კალიგრაფია

კალიგრაფია, [ბერძნ. kalligraphia – ლამაზი ხელწერა (kallos–ლამაზი და grapho – ვწერ)], ლამაზად და მკაფიოდ წერის ხელოვნება.

კ-ის განვითარება დაკავშირებულია როგორც შრიფტისა და საწერი იარაღების ისტორიასთან, ისე - წერის ხელოვნების სტილისტურ ევოლუციასთან. ჩინეთისა და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების კ-ში მთავარი ყურადღება ექცეოდა ემოციურ-სიმბოლურ მნიშვნელობას. ისლამურ ქვეყნებში კ. გამდიდრდა ორნამენტებით და სხვა­და­სხვა სახის გამოსახულებებით. შუა საუკუნეებში კ-ის კერებს მონასტრები წარმოადგენდნენ. XV ს-იდან წამყვანი როლი ევროპულ კ-ში მხატვრებსა და გრავიორებს ეკუთვნოდა. ისინი აფორმებდნენ წიგნებს, ქმნიდნენ შრიფტს და ა. შ.

სა­ქარ­თვე­ლო­ში კ. ად­რინდ. შუა საუკუნეებიდან ­გან­ვითარდა. ლამაზი დაწერილო­ბა ­ქარ­თული ანბანის სამივე სახეობას – ასომთავრულს, ნუს­ხურსა და ­მხე­დრულს – ახა­სი­ა­თებს. დამწერლო­ბის თითოეული სახეობა, მართალია, გრაფიკული თვალსაზრისით ერთმანეთისაგან განსხვავდება, მა­გრამ თითოეულ მათგანს თავისი ესთეტიკური ხიბლი ახლავს. გადამწერლობა ძვ. სა­ქარ­თვე­ლო­ში ხელობად მიიჩნეოდა. გადამწერი ეტრატის შემქმნელთან, მომხატველთან, ამკინძავთან და მომჭედელთან ერთად ქმნიდა ხელნაწერი წიგნების უნიკალურ ნიმუშებს. V–XVIII სს-ში, სტამბების ჩამოყალიბებამდე, მხო­ლოდ ხელით გადაწერილი წიგნები ვრცელდებოდა.

შუა საუკუნეების სა­ქარ­თვე­ლოში წიგნებზე მოთხოვნილების ­ზრდამ განაპირობა (დროისა და მასალის ეკონომიის თვალსაზრისით) გამარტივებული წერისაკენ მისწრაფება.

საუკუნეების განმავლობაში იცვლებოდა დამწერლობის გრაფიკა. ასომთავრული შეცვალა ნუსხურმა, ხოლო ნუსხური – მხედრულმა. ამ საერთო გრაფიკულ განვითარებაში თუ ასომთავრულის ასოთა მოხაზულობა ხელის რამდენჯერმე აღებით სრულდებოდა, მხედრულში ისინი ერთიან კონტურს დაემორჩილა. ქარ­თული ხელნაწერები იწერებოდა ჭილსა (პაპირუსზე) და ეტრატზე. XI ს-იდან ქაღალდის შემოღებამ (იგი ჭილსა და ეტრატზე უფრო იაფი იყო), გა­ზარ­და წიგნების შე­ქმნის შესაძლებ­ლობა და დააკმაყოფილა მათ­ზე მზარდი მოთხოვნილება.

მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნია გადამწერ-კალიგრაფის როლი ხელნაწერი წიგნის მხატვ­რუ­ლი არქიტექტონიკის ჩამოყალიბებაში. იგი არა მარტო ლამაზად წერდა ტექსტს, არამედ განსაზღვრავდა წიგნის ფორმატს, ხაზავდა სტრიქონებს ტექსტის დასაწერად, ტექსტს ფურცლებზე ორ სვეტად ან მთელ სიგანეზე ანაწილებდა.

ანდერძ-მინაწერების ­მიხედვით დამწერლობის თითოეულ სახეობას შესაბამისი ტერმინები გააჩნდა. სახელწოდება „ასომთავრული" დამწერლობის ამ სახეობას ეწოდა მოგვიანებით, როცა დიდი ზომის მთავრულმა ასოებმა ნუსხურისა და მხედრულის ტექსტებში აბზაცების დასაწყისები შეამკეს. გრაფიკულ სისტემაში მრგლოვანი ელემენტების სიმრავლის გამო ასომთავრულ დამწერლობას „მრგვალოვანიც" ეწოდა. ნუსხურ დამწერლობას „გაკრული" ეწოდა, ხოლო ჩვენი თანამედროვე დამწერლობა, რ-იც სამოქალაქო საქმეებისათვის იხმარებოდა, „მხედრულის" სახელწოდებით მოიხსენიება. ასომთავრულს და ნუსხურს „ხუცურსაც" უწოდებენ, რადგან მას ბერ-მონაზვნები იყენებდნენ.

ასომთავრული დამწერლობის ადრეული ნიმუშები V–VI სს-ით თა­რიღ­დე­ბა. ესენია პალიმფსესტური ხელნაწერები, რ-ზეც კალიგრაფი მონოქრომული ფურცლების ფონზე დიდი ზომის მთავრული ასოებით წერდა. ასოები სიტყვაში დაშორებული იყო. თითოეული მოხაზულობა, მკვეთრი და ნათელი, კვადრატშია ჩაწერილი. სტრიქონები ტექსტის საერთო აღქმაში ორნამენტულ ზოლებად იკითხება. ამის გამო მონუმენტური სახის დამწერლობა შემორჩა ეკლესიის ფასადებს, ფრესკულ წარწერებს, ხატებს. ისინი შორიდან ადვილად აღსაქმელი იყო.

ნუსხურმა დამწერლობამ დაარღვია ორხაზოვანი სისტემა. ასოთა მოხაზულობა ოთხხაზოვან სისტემაში გადანაწილდა, მარჯვნივ გადაიხარა და სიტყვებში მიჯრით დაიწერა. მხედრულმა დამწერლობამ გაამარტივა ასოთა მოხაზულობა, ისევ ოთხხაზოვან სისტემაში ჩაწერილი დარჩა და ვერტიკალს დაემორჩილა. იგი, ასომთავრულისაგან განსხვავებით, ხელის ერთი მოსმით შესრულდა. ხელნაწერები იწერებოდა ჭილზე, ტყავზე, ქაღალდზე, წარწერები სრულდებოდა ქვაზე, ლითონზე. უნდა აღინიშნოს, რომ საწერი მასალის გამოყენებამ ასოთა გრაფიკულ მოხაზულობაში განსხვავებები გამოიწვია. თუ ხელნაწერ ტექსტებს კალიგრაფი ასრულებდა ყალმით, რის გამოც ასოების მოხაზულობა იყო ნატიფი, ქვასა და ლითონზე წარწერები მაგარი იარაღით სრულდებოდა და მოხაზულობებიც უფრო სქელი კონტურით იკვეთებოდა.

შუა საუკუნეების სა­ქარ­თვე­ლოში წიგნი ძვირად ფასობდა. ეს დამოკიდებული იყო გადამწერ-კალიგრაფთა ხელწერაზე, მათ მიერ ტექსტის რედაქტირებაზე. ისინი ზოგჯერ ხელნაწერის შემკულობასაც ასრულებდნენ. ოსტატები ხშირად არა მხო­ლოდ წერაში, არა­მედ მხატვრობაშიც იყვნენ განსწავლულნი.

ძველ ქარ­თულ ხელნაწერთა ანდერძ-მინაწერების მიხედვით დღეს ჩვენთვის ცნობილია ­მრავა­ლი კალიგრაფის სა­ხე­ლი: იოანე ბერაი, იოანე ზოსიმე, გაბრიელ პატარაჲ, მიქაელ მოდრეკილი (ყველა X ს.), მიქაელი (IX ს.), ეფრემი (XIII– XIV სს.), ავგაროზ ბანდაისძე (XIV ს.) და სხვ.

მოგვიანო პერიოდის სა­ქარ­თველო­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და კალიგრაფთა ოჯახები. ცნობილია მესხიშვილების, თუმანიშვილების, გაბაშვილებისა და სხვათა საგვარეუ­ლო დინასტიები. ამ ოჯახთა წარმომადგენლები ცნობილი სას. პირები იყვნენ. ისინი არა მარტო დიდებულ კალიგრაფ-ოსტატებად, არამედ მთარგმნელებად, პოეტე­ბად, მხატვრებად და საგანმანათლებლო კერების ხელმძღვანელებად გვევლინებიან.

2010–15 წლებში ხელნაწერთა ეროვნ. ცენტრში მოეწყო ქართ. კალიგრაფიის საერთაშ. კონკურსი, რ-ის მიზანი იყო შუა საუკუნეების გადამწერ ოსტატთა ნიმუშების გაცნობა და მხედრულით შესრულებული ნამუშევრების საფუძველზე თანამედროვე წარჩინებულ შემოქმედ კალიგრაფთა გამოვლენა.

2016 იუნესკოს ეგიდით ქართ. სამსახოვანი ანბანი შეიტანეს არამატერიალური კულტ. მემკვიდრეობის სიაში, რასაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქართ. დამწერლობის შესწავლისა და პოპულარიზაციის საქმეში.

ლიტ.: ბ ე რ ი ძ ე  ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967; მ ა ჭ ა ვ ა რ ი ა ნ ი  ე., გადამწერლობა შუა საუკუნეების სა­ქარ­თვე­ლო­ში, «ქარ­თული კალიგრაფია», თბ., 2014; ჯ ა ვ ა ხ ი ­შ ვ ი ­ლ ი  ივ., ქარ­თული დამწერლობათა-მცოდნეობა ანუ პალეოგრაფია, თბ., 1949.

ე. მაჭავარიანი