კალმახელიძე ლიანა მიხეილის ასული (დ. 25. X.1947, თელავი), მომღერალი (ლირიკულ-კოლორატურული სოპრანო). საქართვ. სახ. არტისტი (1987), საქართვ. სახელმწ. პრემიისა (1992) და მ. გლინკას სახ. მოსკოვის ვოკალისტთა საკავშ. კონკურსის (1975) ლაურეატი. 1973 დაამთავრა თბილ. სახელმწ. კონსერვატორია (პროფ. ი. ფალიაშვილის კლასი).
კ. 1975-იდან თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტია. წარმატებით ასრულებს ქართ. და კლასიკური საოპერო რეპერტუარის მთავარ პარტიებს, რ-თაგანაც განსაკუთრებით აღსანიშნავია მარიხი (ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი"), ქეთო (ვ. დოლიძის „ქეთო და კოტე" და განახლებული დადგმა – ჯ. და ვ. კახიძეების „ბარბალე"), მარგალიტა (ო. თაქთაქიშვილის „პირველი სიყვარული"), ვიოლეტა, ჯილდა (ჯ. ვერდის „ტრავიატა", „რიგოლეტო"), როზინა (როსინის „სევილიელი დალაქი"), ცერლინა (ვ. ა. მოცარტის „დონ ჟუანი"), მარგარიტა (შ. გუნოს „ფაუსტი") და სხვ. 1976–77 კ-მ სტაჟირება გაიარა იტალიაში, მილანის თეატრ „ლა სკალაში". ეწევა საკონცერტო მოღვაწეობას. წარმატებით გამოდიოდა იტალიის, გერმანიის, თურქეთის, ისრაელის, პოლონეთის და სხვა ქვეყნების ქალაქებში. 2004-იდან კ. თბილ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრალური უნ-ტის პროფესორია. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1999).