კალმახის საერისთავო, ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეული შუა საუკუნეების საქართველოში. მდებარეობდა ტაოში. საერისთავოს ცენტრს წარმოადგენდა კალმახის ციხე (აქედან მომდინარეობს სახელწოდებაც). მისი არსებობა დასტურდება „მატიანე ქართლისაის“ მიხედვით XI ს. 40–50-იან წლებში უცნობია მისი შექმნის დრო. სავარაუდოდ, საერისთავო არსებობდა 1057–58-მდე, ვიდრე ის ბაგრატ IV-მ მამულებით არ გადასცა კალმახის ერისთავ სულას (ლიპარიტ ბაღვაშის შეპყრობის სანაცვლოდ). ამის შემდეგ სულა იწოდა კალმახელად და ეს გვარსახელი დაუმკვიდრდა მის შთამომავლებს.
XIII ს. განმავლობაში კ. ს. გაუქმებული ჩანს. XIV ს. I ნახ-ში გიორგი ბრწყინვალემ კალმახი, როგორც ზღვისპირა რეგიონი, საერისთავოდ აქცია (ვახუშტი). შემდგომში კ. ს. კვლავ გაუქმებულა. XVI ს. დასაწყისში შედგენილი მცხეთის სამწყსოს მამულების ნუსხაში კალმახის ერისთავთა ყოფილი მიწები სხვამესხურ მიწებთან ერთად სამცხეთო მამულებს შორის მოიხსენიება.
წყარო: მატიანე ქართლისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955.
ლიტ.: ბ ა ხ ტ ა ძ ე მ., ერისთავობის ინსტიტუტი საქართველოში, თბ., 2003; ხ ი დ უ რ ე ლ ი ზ., სამეფო დომენის საკითხისათვის XI–XV სს. საქართველოში, «საისტორიო კრებული», 1977, [ტ.] 7.
მ. ბახტაძე