კალო

კალო. ნ. ფ ი რ ო ს მ ა ნ ა შ ვ ი ლ ი. "კალოობა".

კალო, კ ა ლ ო ო ბ ა, პურეულის სალეწი ადგილი (ღია ან დახურული). ღია კ. გავრცელებული იყო სა­ქართვ. ყველა კუთხეში, დახურული კი – აღმ. სა­ქართვ. მთის ზოლში. კ-ს უმთავრესად მარ­თავდნენ სწორ, გაშლილ ადგილ­ზე. საამისოდ ძველად მიწური სახლის ბანსაც იყენებდნენ. კ-ზე პურს ლეწავდნენ კევრით, ქვის დაკბილული მორგვებით (ჭარჭარა) ან ში­ნა­ური საქონლის (ხარების) გადატარებით. კევრსა და ჭარჭარაში უმთავრესად ხარებსა და კამეჩებს აბამდნენ. ლეწვის დასაჩქარებლად ძნას ნიჩბით ხშირად აბრუნებდნენ, რასაც კ-ს ქცევა ერქვა. ნიჩბით ქცევის დროს იცოდნენ „კალოს გულის გამოღება" – ნალეწის გახვეტა კ-ს ნაპირებისაკენ, რათა კევრის კოხებს მიწის ზედაპირი არ აეჩიჩქნა. ნალეწი არნადით იხვეტებოდა. ხვავს თავდაპირველად ფიწლით, შემდეგ ნიჩბით ანიავებდნენ, რასაც ნიჩაბში გამოყვანას ეძახდნენ. ხორბლის ხვავს ცხავში ატარებდნენ, შემდეგ – ცხრილში. გაცხრილული ხორბალი სახლში გადაჰქონდათ, ზოგჯერ კ-ზე მოწყობილ მარცვლეულის შესანახ ორმოებსა და ხაროებში ინახავდნენ. კ. წმინდა ადგილად მიაჩნდათ. ავი ძალისაგან დასაცავად კ-ზე დატოვებულ ხვავში რკინას ჩატოვებდნენ ან ტყემლის ტოტს ჩაასობდნენ. ძველად კ-ს განათვლა ცხვრის დაკვლითაც სცოდნიათ. კ-ზე გაჰქონდათ ახ. მოსავლისგან მომზადებული პირველი ნამცხვარი.

კ. და კალოობა (პურეულის ლეწვის პერიოდი) ხანგრძლივი და შრომატევადი სამეურნეო ციკლი იყო, რ-იც ივნისიდან იწყებოდა (კახეთი) და სა­ქართვ. სხვა­და­სხვა კუთხეში სექტემბრამდე გრძელდებოდა. მთის ზოლში დახურულ კ-ზე ხორბლეულს ზამთარშიც ლეწავდნენ.

ლიტ.: ჯ ა ლ ა ბ ა ძ ე  გ., აღმოსავლეთ სა­ქარ­თვე­ლოს სამიწათმოქმედო იარაღების ისტორიიდან, თბ., 1960.

გ. ჯალაბაძე