კალოუბნის წმინდა გიორგის ეკლესია

კალოუბნის წმიდა გი­ორგის ეკლესია. თბილისი. ფოტო 1910-11

კალოუბნის წმინდა გიორგის ეკლესია, ქარ­თული მართლმადიდებელი ეკლესია თბილისში. მდებარეობდა გარეთუბანში, კერძოდ, კალოუბანში. ეკლესიას საძირკველი ჩაუყარეს 1851 წ. 31. VII (ძვ. სტილით), 1850 დანგრეული წმ. გიორგის ეკლესიის ადგილზე, რ-იც ასევე „კალოუბნის" სახელწოდებით იყო ცნობილი. ეს უკანასკნელი ვა­ხუშტი ბატონი­შვი­ლის თბილისის 1735 წლის გეგმაზეც არის დატანილი (№ 34), თუმცა მისი აგების ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის. გაზეთ „კავკაზის" ცნობით (1851, № 61), კალოუბნის ძველი ეკლესია მდებარეობდა ბარონის (ახლანდ. ფურცელაძის) ქუჩაზე, თბილისის „ორდინანს ჰაუსის" (ჰაუპტვახტის) შენობის უკან. ეს იყო შედარებით მცირე ზომის ეკლესია, რ-იც XIX ს. დასა­წყისში უკვე საკმაოდ დაზიანებული ყოფილა. მ. ჯანა­შვი­ლი გადმოგვცემს, რომ „კალოუბნის წმ. გიორგი აგებულია უძველეს დროს და განახლებულია 1850 წ. მღვდლის იოსებ ნამორაძის მეცადინეობით". პ. იოსელიანი წერს, რომ კალოუბანში იდგა ძველი (მისი აზრით – თბილისის დაარსებისდროინდელი) ქართ. ეკლესია, რ-იც 1850 წ. დაანგრიეს, რათა ახა­ლი აეშენებინათ. კალოუბნის წმ. გიორგის ახა­ლი ეკლესია „რუსული სტილისა" იყო და ამ „სტილის" ერთ-ერთ უადრეს ნიმუშს წარმოადგენდა თბილისში. ზოგადად, იგი ადრინდელი რუსული ტაძრების ფორმას იმეორებდა (კუბური კორპუსი, მრგვალი გუმ­ბა­თის ყელი, „ხახვისებრი" გუმბათი), მაგრამ დეტალების დამუშავების მხრივ, სცილდებოდა ძვ. რუსული ხუროთმოძღვრების ნორმებს, კერძოდ, ეკლესიის ფასადთა გაფორმებაში ტრადიციულ რუსულ ფორმებთან ერთად გამოყენებულია კლასიციზმის ელემენტებიც. XX ს. 30-იან წლებში კალოუბნის ახა­ლი ეკლესია, ისევე როგორც ჰაუპტვახტის შენობა, დაანგრიეს. მათ ადგილ­ზე აიგო ახლანდ. რუსთაველის კინოთეატრი (1939; რუსთაველის გამზირი, 5).

ლიტ.: არქიტექტურა და იდენტობა, საეკლესიო მშენებლობა თბილისში (1801–1918), თბ., 2016; ბ ე რ ი ძ ე  ვ., თბილისის ხუროთმოძღვრება. 1801– 1917 წლები, ტ. 2, თბ., 1963; გ ე რ ს ა მ ი ა  თ., ძველი თბილისი, თბ., 1984.

თ. გერსამია