„კალოური“

„კალოური“, კ ა ლ ო ს პ ი რ უ ლ ი, კალოობაზე შესასრულებელი ქარ­თული ხალხური ლექს-სიმღერა, დაკავშირებული მიწათმოქმედებასთან (კალოზე ხორბლის ლეწვა, განიავება). ჩაწერილია ქართლსა და კა­ხეთ­ში. კ. ერთხმიანია, კალოსპირული კი – ერთხმიანი და მრავალ­ხმიანიც (ორ-სამხმიანი). ორივე ემყარება მღერად რეჩიტატივსა და შეძახილებს. ტექსტი უმთავრესად რვამარცვლიანი შაირით არის გამართული. მასში ასახულია შრომის პროცესი, სოც. უთანასწორობის განცდა, კარგი ამინდის ნატვრა და სხვ. ლექს-სიმღერებს ზოგჯერ წამახა­ლისებელი, სალაღობო ხასიათი აქვს, ისე როგორც სხვა სამიწათმოქმედო სიმღერებში, კ-შიც ხშირად იხსენიება „ოროველა".

ლიტ.: მ ა მ ა ლ ა ძ ე  თ., შრომის სიმღერები კა­ხეთ­ში, თბ., 1962; ო ქ რ ო შ ი ძ ე  თ., ქარ­თული ხალხური შრომის პოეზია, თბ., 1963; ჩ ი ქ ო ვ ა ნ ი  მ., ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია, ტ. 1, თბ., 1975; ჩ ხ ი კ ვ ა ძ ე  გრ., ქარ­თული ხალხური სიმღერა, ტ. 1, თბ., 1960.