კალციტი, კირშპატი (ლათ. calx, ნათ. ბრ. calcis – კირი), კარბონატების კლასის ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავრცელებული მინერალი. ქიმ. შედგენილობა CaCO3.
მინარევები Mg, Fe, Mn (8%-მდე) და სხვ. კ. ძირითადად უფეროა, ზოგჯერ თეთრი, ნაცრისფერი ან მინარევებით შეფერილი. გვხვდება მკვრივი, მარცვლოვანი, აგრეთვე ნაღვენთი წარმონაქმნები (სტალაქტიტი, სტალაგმიტი). კირიანი ცხელი წყაროებიდან გამოილექება ტრავერტინების სახით. CaCO3-ითაა აგებული კირქვა და მარმარილო.
საქართველოში დეტალურადაა შესწავლილი მექვენისა და ღვედის საბადოები. მექვენის კ-ის საბადო მდებარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ოკრიბა-ხრეითის ქვეზონაში და შედის ქუთაისის ბარიტ-კალციტის საბადოთა ჯგუფში. საბადო დაძიებული იყო 1970. იგი იმ დროისათვის ითვლებოდა ყოფ. სსრკ-ის კ-ის საბადოთა შორის ერთადერთ საბადოდ, რ-ის ნედლეულიც გამოიყენებოდა ლაქსაღებავების წარმოებაში შემავსებელ ნედლეულად.
ღვედის კ-ის საბადო ასევე მდებარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში. მექვენის საბადოს მსგავსად, ღვედის კ-ის გამადნება დაკავშირებულია ბაიოსური პორფირიტული სერიის ქანებთან.
კ., ძარღვების სახით, უმთავრესად ბარიტთან ერთად, გვხვდება აგრეთვე წყალტუბოს (ჟონეთი), მესტიის (ხაიში), ონის (ჩორდი), ცაგერის (ქორეში) მუნიციპალიტეტებში და სხვ.
ლიტ.: საქართველოს ბუნებრივი რესურსები, ტ. 1, თბ., 2015.