კამარა

კამარა (ბერძნ. kamara), მრუდწირული მოხაზულობის გადახურვის სივრცული კონსტრუქცია, რომლის სისქის შეფარდება სიმრუდის რადიუსთან 1/20-ზე მეტია (თუკი კონსტრუქციის სისქის შეფარდება სიმრუდის რადიუსთან ნაკლებია 1/20-ზე, მაშინ იგი მიეკუთვნება თხელკედლიანი კონსტრუქციების კლასს და მას გარსი ეწოდება). იგი კუმშვაზე მომუშავე კონსტრუქციაა. საყრდენებში, გარდა ვერტ. დატვირთვისა, წარმოშობს ჰორიზონტალურად მიმართულ განმბჯენ ძალას, რ-იც გადაეცემა კედელს, სვეტების რიგს ან მიმდებარე კონსტრუქციებს.

კ. ამოჰყავდათ მცირე ზომის ბუნებრივი ქვისგან ან აგურისგან. კ-ების გავრცელებასთან ერთად იხვეწებოდა და მრავალფეროვანი ხდებოდა მისი სახეობები. კ. გვხვდე­ბა ცილინდრული (ყველაზე გავრცელებული სახეობა), ჯვაროვანი, ვარსკვლავისებრი, წიბოვანი, სარკოვანი, სოლოვანი, ისრული, შეკრული, გუმბათოვანი, აფრიანი და ა.შ. მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ხუროთმოძღვრებაში სხვა­და­სხვა ტიპის კ-ები იგებოდა. ს ა ­ქ ა რ ­თ ვ ე ­ლ ო ­შ ი , ძვ. ქართ. ხუროთმოძღვრებაში, ეკლესიების გადასახურად კ-ების რამდენიმე სახეობას იყენებდნენ, ყველაზე ხშირად კი – პარალელურ კედლებზე ან სვეტთა რიგებზე დაყრდნობილ ცილინდრულ კ-ებს. ასევე გვხვდე­ბა ვარსკვლავისებრი, ისრული (XVI–XVIII სს.) და შეკრული კ-ები. ეს უკანასკნელი კ. ზოგჯერ გუმბათს ცვლიდა (VI ს.; შიომღვიმის ძვ. ეკლესია, ნინოწმინდის ტაძარი).

XIX ს-იდან მოყოლებული, როდესაც ძირითად სამშენებლო მასალად მაღალი სიმტკიცის ფოლადი და რკინაბეტონი დამკვიდრდა, შესაძლებელი გახდა მცირე სისქის კ-ების, ანუ გარსების აგება. გარსებით კი, კ-ებთან შედარებით, დიდი მალების გადახურვა და მრავალფეროვანი არქიტ. გამომსახველობის მქონე ნაგებობების აგებაა შესაძლებელი. ამჟამად კ-ებს მხო­ლოდ ძველი ნაგებობების რესტავრაციის დროს იყენებენ.

ლიტ.: ბ ე რ ი ძ ე  ვ., ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974; კ ვ ი რ კ ვ ე ლ ი ა  თ., მოკლე რუსულ-ქართული ხუროთმოძღვრული განმარტებითი ლექსიკონი, თბ., 1961; ტექნიკური ტერმინოლოგია, თბ., 1977; Л о п а т т о  А. Э., Пролеты. Материалы, конструкции, М., 1982; H e y m a n  J., The Stone Skeleton: Structural engineering of masonry architecture, Camb., 1995.

გ. ჟვანია