კამარახევის სამაროვანი, ძვ. წ. V–III სს. სამაროვანი სოფ. წიწამურის (მცხეთის მუნიციპალიტეტი) სამხრ-ით, მდ. არაგვისა და მისი შენაკადის – დიდი კამარახევის მარცხ. ნაპირის გაშლილ ვაკეზე. 1953, 1976–77 გაითხარა (ა. აფაქიძე, რ. რამიშვილი, თ. ჯღარკავა) 111 სამარხი. ორმოსამარხები ჩაჭრილია თიხნარში 1,25–2 მ სიღრმეზე. ოვალურ ან სწორკუთხა ორმოსამარხებში დაკრძალული იყო თითო (იშვიათად 2), ხელფეხმოკეცილი მიცვალებული; მამაკაცები დაკრძალული იყვნენ მარჯვ. გვერდზე, ქალები – მარცხენაზე. მიცვალებულს აფარებდნენ ქსოვილს ან ტყავს, იშვიათად – ფოთლებიან ტოტებს, შემდეგ აყრიდნენ მცირეოდენ მიწას (50–70 სმ) და რიყის ქვებს. ქვაყრილს ისევ მიწით ფარავდნენ.
ქვის სამარხები გაჩნდა სამაროვნის არსებობის გვიანდ. საფეხურზე. კედლები ნაგები იყო ბრტყელი ლოდებით და ზოგჯერ ასეთივე ქვებით იყო გადახურული. ხელფეხმოკეცილ მიცვალებულებს თავქვეშ ამოდებული ჰქონდათ ბრტყელი რიყის ქვა. სამარხებში აღმოჩნდა წითლად და ლეგამონაცრისფროდ გამომწვარი და წერნაქით მოხატული ჭურჭელი, ქალების სამარხებში – სამკაული (ბრინჯაოს სამაჯურები, ცილინდრულთავიანი საკინძები, ზარაკები, ძეწკვები, ილარი, მძივები და ბეჭდები); მამაკაცების სამარხებში – საბრძოლო იარაღი (რკინის შუბისწვერი, მოხრილი დანა, მახვილ-სატევარი და სხვ.). კ. ს-ში აღმოჩენილი სამტუჩა ხელადების, სამფეხა ჯამებისა და ტოლჩების მსგავსი მასალა მოგვიანებით გვხვდება ალაზან-იალოილუთეფეს კულტურაში.
ლიტ.: მცხეთა. არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგები, ტ. 2, თბ., 1978; რ ა მ ი შ ვ ი ლ ი რ., კამარახევის სამაროვანი, «მასალები საქართველოს და კავკასიის არქეოლოგიისათვის», 1959, ტ. 2.
რ. რამიშვილი