კამბალა, თევზი, კამბალასებრთა ოჯახიდან (Pleuronectidae Rafinesque, 1815). საქართველოში გავრცელებულია მდინარის კ. და შავი ზღვის კ. მდინარის კ-ს s [Platichthys flesus luscus (Pallas), 1814] მაქსიმალური სიგრძეა 60 სმ, საშუალო – 25–29 სმ, მასა – 14 კგ, ასაკი – 15 წელი. კ-ს სხეული გვერდებიდან გაბრტყელებულია, ამიტომაც მათი უმრავლესობა მოკლე და განიერია. ცხოვრობს შავი ზღვის სანაპირო წყლებში; შეგუებულია ნაკლებმარილიან ლიმანებში ცხოვრებასაც. სქესობრივად მწიფდება 2–3 წლის ასაკიდან; ქვირითს იანვარ-სექტემბრამდე რამდენჯერმე ყრის, ნაყოფიერება 80–28000 ქვირითია. იკვებება მრავალჯაგრიანი ჭიებით, ქირონომიდებით, კიბოსნაირებით, ლოკოკინებით, თევზებით.
გავრცელებულია შავ და აზოვის ზღვებში; შედის მდინარის შესართავებში: რიონში, ხობში, ჭურიაში, თაქორში; პალიასტომის ტბაში; გავრცელებულია მდ. ბუგში, დნეპრში, კამჩიაში, ყუბანში, აგრეთვე მიმდებარე ტბებში. აღმ. ატლანტიკაში – დას. ევროპის სანაპიროსა და მლაშე წყლებში, თეთრი ზღვიდან ხმელთაშუა და შავ ზღვამდე. ინტროდუცირებულია ამერიკასა და კანადაში. გააჩნია მცირე სამეურნეო მნიშვნელობა. ბუნების დაცვის საერთაშ. კავშირის (IUCN) მიერ საჭიროებს ზრუნვას (LC).