კამბეჩანი, კამბეჩიანი (სახელწოდება მომდინარეობს კამეჩ-კამბეჩისაგან), მხარე შუა საუკუნეების საქართველოში, კახეთში. მოიცავდა ტერიტორიას მდ. ალაზნის ქვემოწელსა და მდ. მტკვარს შორის. ცენტრი – ხორნაბუჯი. ანტ. წყაროებში მოხსენიებულია სტრაბონთან (ძვ. წ. I – ახ. წ. I სს.) როგორც კამბისენე. ვარაუდობენ, რომ უძველეს ხანაში კ. კავკასიის ალბანურ (იხ. სტ. ალბანეთი) ტომთა კავშირის გაერთიანებაში შედიოდა. აქ ერთმანეთს ემიჯნებოდნენ იბერიელები (აღმ. ქართველები), ალბანელები და სომხები. კ-ის გამო ხშირად ერთმანეთს ედავებოდნენ იბერიისა და ალბანეთის სახელმწიფოები. V ს. ბოლოდან, მას შემდეგ რაც აქ მეფე ვახტანგ გორგასალმა ხორნაბუჯის საეპისკოპოსო დააარსა, კ. მოექცა ქართული კულტურული და პოლიტ. გავლენის სფეროში. VI ს-ში, ქართლში მეფობის გაუქმების შემდეგ, კ. სპარსელთა მოხელეს ემორჩილებოდა. VII ს. შუა წლებიდან აქ არაბები ბატონობდნენ. VIII ს. II ნახ-იდან კ. ჰერეთის სამთავროს შემადგენელი ნაწილი იყო. XI ს. დასაწყისში, კახეთისა და ჰერეთის გაერთიანების შემდეგ, იგი კახეთის სამეფოს საერისთავო გახდა. XII ს-ში, გაერთიანებული საქართველოს სახელმწიფოში, კ. ერთერთი განაპირა საერისთავო იყო. XIII ს. დასაწყისში იგი რამდენიმეჯერ ააოხრეს ხვარაზმელებმა, შემდეგ – მონღოლებმა. XV ს. ბოლოდან ისტ. კ. ქიზიყად იწოდება.
ლიტ.: მ უ ს ხ ე ლ ი შ ვ ი ლ ი დ., კახეთჰერეთის პოლიტიკური გეოგრაფიის საკითხები XII–XIII სს., «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული», 1967, [ტ.] 3.
დ. მუსხელიშვილი