კამეა (ფრანგ. camée < იტალ. cammeo), კვეთილი ქვა, რელიეფურად შესრულებული ამობურცული გამოსახულებით. ცნობილია ძვ.წ. IV ს-იდან. კ-ის ამოსაკვეთად, ჩვეულებრივ, იყენებენ მრავალფეროვან ქვებს (ფონი ერთი ფერისაა, გამოსახულება – სხვა ფერის). საქართვ. ტერიტორიაზე კ-ის მრავალი ნიმუშია ნაპოვნი (მცირეაზიული, ირანული, ანტ.- ელინისტური, იტალიკური, რომანული და სხვ.). ყველაზე ადრინდელია ძვ.წ. V–IV საუკუნეების კ. საქართველოში ძირითადად აღმოჩენილია მაღალი სიმტკიცის ძვირფას ქვებზე ამოკვეთილი კ-ები. ძვ. წ. I ს-თვის მცხეთაში უნდა ყოფილიყო კ-ის საჭრელი სახელოსნოები. რბილ ქვაზე ინიციალებიც იჭრებოდა. სამთავროსა და არმაზისხევის ტერიტორიაზე ნაპოვნი ეს მასალა საქართველოში ქვაზე კვეთის ტექნიკის განვითარების მაღალი დონის არსებობაზე მეტყველებს (იხ. აგრეთვე გლიპტიკა).