კამელია (Camellia), მარადმწვანე ხეებისა და ბუჩქების გვარი ჩაისებრთა ოჯახისა. მისი 80-ზე მეტი სახეობა გავრცელებულია აზიის ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. იაპონური კ. (C. japonica) და მისი ჰიბრიდული ფორმები კარგად ხარობს ოთახებსა და ორანჟერეებში, კავკასიასა და სამხრ. ყირიმში კი – ღია გრუნტში. ჩინური კ-ის, ანუ ჩაის ბუჩქის (C. sinensis და C. assamica) ნორჩი ყლორტებისაგან ამზადებენ ჩაის. ზეთის, ანუ ევგენოლის კ-ის (C. sasanqua) ფოთლებისაგან იღებენ ეთეროვან ზეთს. დეკორატიული მცენარეებია. მოშენებულია საქართვ. შავი ზღვის სანაპიროს ბაღებსა და პარკებში.