კამერალური აღწერა

კამერალური აღწერა (გვიანდ. ლათ. camera – ოთახი), მოსახლეობის აღწერის ერთ-ერთი ფორმა, ადმი­ნისტრაციული ორგანოების მი­ერ ფისკალური და სამხედრო მიზნით ჩატარებული სტატისტიკური დაკვირვება, რომლის დროსაც ღებულობდნენ მონაცემებს დასაბეგრი და ჯარში გასაწვევი კონტინგენტის შე­სა­ხებ. ტერმინი კ. ა. უკავშირდება XVIII ს-ში გერმანიაში ფართოდ გავრცელებული კამერა­ლური მეცნიერებების, ანუ კამერალისტიკის განვითარებას. ამ უკანასკნელში გულისხმობდნენ სა­ხელმწ. ქონების მართვისთვის აუცილებელი ცოდნის ერთობლიობას, კ. ა. კი იძლეოდა მასალას კამერალური მეცნიერებების შესასწავლად. მარ­თვის ასეთ სპეციალისტებზე მოთხოვნამ განაპირობა სწორედ ამ პერიოდში კამერალური ფაკ-ტების (გერმ. Kameralwissenschaft, Cameralia) შექმნა გერმანიაში, სადაც სწავლის ძირითად მიზანს სა­ხელმწ. ქონებიდან მაქს. მოგების მიღების ხერხების შესწავლა წარმოადგენდა. 1843–63 ანალოგიური კამერალური განყ-ბა არსებობდა პეტერბურგის უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტის ბაზაზე.

კ. ა-ები ტარდებოდა პრაქ­ტიკულად ყველა ქვეყანაში საყოველთაო აღწერების შემოღებამდე.

ს ა ­ქ ა რ ­თ ვ ე ­ლ ო ­შ ი კ. ა-ის ჩატარება XIX ს. დამდეგიდან დაიწყო რუსეთის ხელისუფლებამ, რ-იც შეუდგა სა­ქარ­თვე­ლოს ფისკალურ-ეკონომიკურ შესწავლას. კ. ა-ები, რ-ებიც იძლეოდა არასრულ, მაგრამ საკმაოდ ვრცელ მონაცემებს, ეხებოდა მხო­ლოდ მთელ დასაბეგრ მოსახლეობას კომლობრივად, ამასთან მამრობითი სქესის მოსახლეობა აღირიცხებოდა ჩამოთვლით და ასაკის ჩვენებით, ხოლო მდედრობითი სქესისა – მხოლოდ საერთო რიცხვის ჩვენებით.

კ. ა-ის შედეგები ძირითადად განკუთვნილი იყო ფისკალური მიზნებისთვის. საფინანსო უწყება (სახაზინო პალატები და მისი დაწესებულებანი) სწორედ ამ მონაცემების საფუძველზე კრეფდა გადასახადებს. სოფლადაც და ქალაქადაც კ. ა-ებს აწარმოებდნენ ადმ. ორგანოები. სოფლად აღწერის ჩატარება ევალებოდათ მაზრის ხელმძღვანელებს, ხოლო ქალაქად – ქალაქის კომენდანტებს.

მრავალგვარი უზუსტობების გა­მო კ. ა-ის მონაცემები სისტემა­ტურად მოწმდებოდა, თუმცა მი­სი შედეგები არსებითად არ უმჯობესდებოდა და სარგებლობა მხო­ლოდ მონაცემთა კრიტიკული შესწავლა-დამუშავების შემდეგ იყო შესაძლებელი.

საერთოდ, კ. ა-ები, რ-ებიც საქარ­თვე­ლოსა და ამიერკავკასიაში 1803–05, 1816–17, 1821–24, 1831– 32, 1841–43, 1849–51, 1867–68 და 1873–74 წლებში ჩატარდა, ცვლიდა რუსეთის შიდა გუბერნიებში „რევიზიების" სახელწოდებით ჩატარებულ მოსახლეობის აღწერებს, მაგრამ თავიანთი პროგრამითა და მიღებული შედეგების სიზუსტით მათგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა.

ლიტ.: გ ა მ ყ რ ე ლ ი ძ ე  გ., დემოგრაფიული სტატისტიკა, თბ., 1955; გ უ გ უ შ ვ ი ლ ი  პ., სა­ქარ­თვე­ლოსა და ამიერკავკასიის ეკონომიკური განვითარება XIX–XX სს., ტ. 1, თბ., 1949.

ე. ორჯონიკიძე

ა. სახვაძე