კამერული მუსიკა, შემსრულებელთა მცირე შემადგენლობისათვის დაწერილი ინსტრუმენტული ან ვოკალური მუსიკა. საგუნდო, თეატრალური (საოპერო და საბალეტო) მუსიკისაგან განსხვავებით კ. მ. წარმოდგენილია ანსამბლებით (დუეტი, ტრიო, კვარტეტი და ა. შ.), აგრეთვე სოლო მუს. პიესებით, რ-ებიც არ მიეკუთვნება საკონცერტო ვირტუოზულ ან საესტრადო-გასართობ ჟანრს, მაგ., სონატები, ფუგები, ნოქტიურნები და სხვ. თავდაპირველად განკუთვნილი იყო პატარა შენობაში, ოჯახურ გარემოში შესასრულებლად (აქედან წარმოდგება სახელწოდებაც). XIX ს. დაიწყო კ. მ-ის საჯარო კონცერტების გამართვა. ჩამოყალიბდა მრავალრიცხოვანი კამერული ანსამბლები. კ. მ-ის სხვადასხვა ჟანრი ფართოდ არის წარმოდგენილი ქართ. მუსიკაში.