კამეჩი, ძუძუმწოვრების კლასის (Mamalia), ღრურქიანთა ოჯახის (Bovidae) მცოხნელთა ქვერაზმის (Ruminantia) წარმომადგენელი. შეტანილია პლანეტის ყველაზე დიდტანიანი და ძლიერი ცხოველების ხუთეულში. ცნობილია 2 გვარი: აზიური (Bubalus) და აფრიკული (Sincerus), ანუ სავანის, კაფრის (S. caffer). აზიური კამეჩი იყოფა 3 სახეობად: არნი (B. arnee), მინდოროს (B. mindorensis), იგივე ტამაროუ და ანოა. აფრიკული კ. მხოლოდ გარეულია, აზიური კი წარმოდგენილია გარეული და შინაური ფორმით. მოშინაურებულია ძვ. წ. IV–III ასწლეულში. აზიური შინაური კ. იყოფა ინდურ (ანუ მდინარის) და ფილიპინურ (ანუ ჭაობის – კარაბაო) ჯგუფებად. ინდური კ. გავრცელებულია სამხრ.-აღმ. აზიის, სამხრ. ევროპისა და ჩრდ. აფრიკის ქვეყნებში. სსრკ-ში მოშინაურებული იყო აზერბაიჯანში, სომხეთში, საქართველოსა და ჩრდ. კავკასიაში. მსოფლიოში აღრიცხულია 70-ზე მეტი ჯიშის 193,8 მლნ. სული შინაური კ., რ-იც მსხვილი, ღონიერი, დიდტანიანი ცხოველია. სიმაღლე მინდაოში – 130 სმ, ცოცხალი მასა ფურკამეჩისა – 450–600 კგ, კუროკამეჩისა – 700– 800 კგ (1000 კგ-მდე). ცოცხლობს 28–35 წელს. სამეურნეოდ გამოიყენება 18–20 წლის ასაკამდე. მისგან იღებენ რძეს, ხორცს, ტყავს (იხ. კავკასიური კამეჩი). ხასიათდება კარგი სამუშაო თვისებებით. ძროხასთან არ ჯვარდება. ყოველწლიურად იძლევა 1 ნაშიერს (ზაქს). ლაქტაციური მონაწველი – 1400–1600 კგ, რეკორდული – 4500 კგ რძე. მაღალი წველადობით გამოირჩევიან მურაჰისა (ინდოეთი) და ნილი-რავის (პაკისტანი) ჯიშები. აშენებენ ცხელ კლიმატურ ზონებში, წყალსატევების მახლობლად. იკვებება უხეში მცენარეული საკვებით (ისლი, ლელქაში, ლერწამი), ხემცენარეების ფოთლებითა და ყლორტებით. ძროხასთან შედარებით მდგრადია დაავადებების მიმართ.
ლიტ.: გ ო გ ო ლ ი გ., თ ო რ თ ლ ა ძ ე ლ., მ ა ჭ ა რ ა შ ვ ი ლ ი გ., ტ ა ბ ა ტ ა ძ ე ლ., მეკამეჩეობა, თბ., 2012.
გ. გოგოლი