კამკია ნურბეი თეიმურაზის ძე (15. VII. 1934, სოფ. აჯუფთა, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი, – 04. IV. 2013), თეატრისა და კინოს მსახიობი, აფხაზეთის დამს. არტისტი (1967), საქართვ. სახ. არტისტი (1982). 1959 დაამთავრა თბილ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრალური ინ-ტი. ამავე წლიდან იყო სოხუმის ს. ჭანბას სახ. სახელმწ. დრამ. თეატრის აფხაზური დასის წამყვანი მსახიობი. სხვადასხვა წლებში აფხაზეთის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებელში ასწავლიდა მსახიობის ოსტატობას. მის მიერ განხორციელებული როლებია: ოტელო (უ. შექსპირის „ოტელო"), ანჟელო (ვ. ჰიუგოს „ანჟელო"), კენტი (უ. შექსპირის „მეფე ლირი"), ლიმონა (ნ. დუმბაძის „თეთრი ბაირაღები"), მეფე ფილიპე (ფ. შილერის „დონ კარლოსი"), რაშიტი (ს. ჭანბას „მოხაჯირები"), სტენლი (ტ. უილიამსის „ტრამვაი – სურვილი") და სხვ.
კ. ნაყოფიერად მოღვაწეობდა კინემატოგრაფიაში. შესრულებული როლები: უხუცესი („დესანტურა"; რეჟ-ები: ო. ბაზილოვი, ვ. ვარაბიოვი; 2009), ქართველი გამცილებელი („სასტიკთა დრო"; რეჟ. ვ. პლოტკინი, ა. სტეფანოვიჩი; 2004), გურამ თოხაძე („უკანასკნელი შემოდგომა"; რეჟ. ვ. პლოტკინი; 1990), რიტას მამა („კანონიერი ქურდები"; რეჟ. ი. კაპა, 1988), მეკსუდი („ბედნიერი მიგნებების დრო"; რეჟ. ჰ. გაბაი; 1969) და სხვ.
დაჯილდოებულია შრომის ორდენით (1970) და აფხაზეთის „ღირსებისა და სახელის" III ხარისხის ორდენით.