კამლაძე ალექსანდრე არტემის ძე (3. IV. 1898, სოფ. ტაბაკინი, ახლანდ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, – 30. XII. 1953, თბილისი), სამთო ინჟინერი. სტალინური პრემიის ლაურეატი (1951). 1930 დაამთავრა ბაქოს პოლიტექ. ინ-ტი სამთო ინჟინრის სპეციალობით. 1930–47 მუშაობდა „აზნეფტის" სისტემაში ინჟინერტექნიკოსად, შემდეგ – ნავთობის სხვადასხვა ტრესტის მმართველად. 1941–44 ბაშკირეთში იყო ნავთობის მოპოვების ერთ-ერთი ორგანიზატორი და ტრესტის მმართველი. 1947-იდან მოღვაწეობს საქართველოში, 1947–53 იყო ტრესტ „საქნავთის" მმართველი. კ-მ დიდი წვლილი შეიტანა ნავთობის მრეწველობის განვითარებაში. პირველმა შეისწავლა კასპიის ზღვის ფსკერი და აღმოაჩინა ნავთობი არტიომ-კუნძულზე (ახლანდ. კ. პირალაჰი). იყო ნავთობის მოპოვებასთან დაკავშირებული გეოლოგიურ-საძიებო სამუშაოების ერთ-ერთი ორგანიზატორი. აღზარდა ნავთობის მრეწველობის მრავალი სპეციალისტი. 1951 სპეციალისტების ჯგუფთან ერთად, „ნავთობის ზღვიური საბადოების აღმოჩენისა და ათვისებისათვის" მიენიჭა პირველი ხარისხის სტალინური პრემია. მიღებული აქვს მრავალი სახელმწ. ჯილდო.