კამო

კამო

კამო (პარტ. ფსევდონიმი; ­ნამდვ. სა­ხე­ლი და გვარი – სიმონ არშაკის ძე ტ ე რ - პ ე ტ რ ო ს ი ა ნ ი) [15 (27). V. 1882, გორი, – 14. VII. 1922, თბილისი], რევოლუციონერი. რსდმპ-ის წევრი (1901-იდან). დაიბადა ვაჭრის ოჯახში. 1901-იდან ავრცელებდა არალეგალურ ლიტ-რას თბილისში, ბაქოში, ქუთაისში, ბათუმში, გორში და სხვ. იყო არალეგალური სტამბების დაარსების ერთ-ერთი ორგანიზატორი. 1905 მონაწილეობდა მუშათა საბრძოლო რაზმების ჩამოყალიბებასა და თბილისში სამხ. ნაწილებთან შეტაკებაში. 1906 სანქტ-პეტერბურგში შეხვდა ვ. ლენინს, რ-ის დავალებით გაემგზავრა საზღვარგარეთ რუსეთში იარაღის შემოსატანად. პარტიის ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის მიზნით 1905–07 რამდენჯერმე მოახდინა ხაზინის თანხის გატაცება („ექსპროპრიაცია"). აქედან ყველაზე მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო 1907 წ. 13 ივნისს თბილისში გრაფ პასკევიჩ-ერევანსკის (ახლანდ. თავისუფლების) მოედანზე საქალაქო ბანკის ორ კარეტაზე თავდასხმა, რ-იც ისტორიაში „ტფილისური ექსპროპრიაციის“ სა­ხე­ლით შევიდა (გაიტაცა 250 ათ. მან.). 1907 ნოემბერში დააპატიმრეს ბერლინში. ციხეში ყოფნისას კ-მ თავი სულით ავადმყოფად გაასაღა, თუმცა 1909 ბოლოს მაინც გადასცეს რუსეთის პოლიციას. 1911 წ. 15 აგვისტოს კ-მ მეტეხის ციხის საავადმყოფოდან გაქცევა მოახერხა და ლენინის დავალებით პარიზში გაემგზავრა, საიდანაც რუსეთში პარტიული ლიტ-რის შემოტანის საქმეს ხელმძღვა­ნე­ლობ­და. 1912 რუსეთში დაბრუნებული მალევე დააპატიმრეს და სიკვდილი მიუსაჯეს. 1913 წლის ამნისტიით სასიკვდილო განაჩენი 20-წლიანი კატორღით შეუცვალეს. 1917 მარტში გაათავისუფლეს. 1919 თეთრგვარდიელთა ზურგში ჩამოაყალიბა პარტიზანული რაზმი, რ-იც სამხრეთის ფრონტზე იბრძოდა ა. დენიკინის წინააღმდეგ. 1920 აპრილში მონაწილეობდა ბაქოში საბჭოთა ხელისუფლების დასამყარებლად შეიარაღებული აჯანყების მომზადებაში. 1920 სწავლობდა მოსკოვის სამხ. აკადემიაში. 1921 მუ­შა­ობდა საგარეო ვაჭრობის სისტემაში. 1922 წ. 14 ივლისს თბილისში საეჭვო ვითარებაში დაიღუპა (ვერის დაღმართზე ველოსიპედით მიმავალი ავტომობილს შეეჯახა).

უ. ბლუა­შვი­ლი