კამოევა მარია კონსტანტინეს ასული (4. XI. 1907, თბილისი, – 13. XII. 1987, იქვე), პიანისტი, კონცერტმაისტერი, პედაგოგი. ქართული კამერული სიმღერის ერთ-ერთი ფუძემდებელი. საქართვ. ხელოვნების დამს. მოღვაწე (1960). 1929 დაამთავრა თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწ. კონსერვატორია, სწავლა განაგრძო მოსკოვის პ. ჩაიკოვსკის სახ. კონსერვატორიის ასპირანტურაში (პროფ. ა. გოლდენვეიზერის, გ. გინზბურგის და ნ. რაისკის ხელმძღვანელობით), შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა თბილ. სახელმწ. კონსერვატორიის კამერული კლასის პედაგოგად, კონცერტმაისტერად. პარალელურად – საქართვ. რადიოკომიტეტში კონცერტმაისტერად.
კ. იყო მაღალი ერუდიციის მქონე მუსიკოსი, რ-მაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა არაერთი მომღერლის შემოქმედებით წარმატებაში. მისი მოწაფეები იყვნენ: ზ. სოტკილავა, მ. ქასრაშვილი, ა. ხომერიკი, ჯ. მდივანი და სხვ. წლების განმავლობაში აქტიურად და წარმატებით თანამშრომლობდა ქართველ მომღერლებთან (დ. და ნ. ანდღულაძეები, პ. და მ. ამირანაშვილები, დ. ბადრიძე, დ. გამრეკელი, თ. მუშკუდიანი, თ. გურგენიძე, ვ. დავიდოვა-მჭედლიძე, თ. ლაფერაშვილი, ა. მიქაბერიძე, ნ. ხარაძე და სხვ.), კომპოზიტორებთან (ი. ტუსკია, შ. მშველიძე, გ. კილაძე, ა. კერესელიძე და სხვ.), გასტროლიორებთან (ზ. დოლუხანოვა, პ. ლისიციანი). იყო მრავალი ქართ. ნაწარმოების პირველი შემსრულებელი, ქართ. მუსიკის პოპულარიზატორი საქართვ. და სსრკ-ის რესპუბლიკებში. ეწეოდა აქტიურ სამეცნ. მოღვაწეობასაც. კ-მ აღნუსხა ქართ. კამერული მუსიკა (ა. მიქაბერიძესა და ნ. ბახუტაშვილთან ერთად), შეადგინა ვოკალური მუსიკის ანოტირებული ქრესტომათია, გამოსცა მეთოდური პროგრამები ყველა დონის ვოკალისტებისათვის, სახელმძღვანელოები, მ. შ. კონცერტმაისტერის როლი და ამოცანები კამერულ რეპერტუარზე მუშაობისას" (1958); „ქართველ კომპოზიტორთა რომანსები" (1978–81) და სხვ.
მ. ჯაფარიძე