კანთაროსი

კანთაროსი (ბერძნ. kantharos), ძვ. წ. VI–II სს. ბერძნული ქუსლიანი, ღრმა, პირგადაშლილი ღვინის სასმელი ჭურჭელი ვერტიკალურად მიმაგრებული ორი ყურით. ამზადებდნენ უპირატესად თიხისაგან, ზოგჯერ – ლითონისგანაც. სხვადა­სხვა კ-ები განსხვავდება პროპორციებით, ყურის მოყვანილობითა და ქუსლის სიმაღლით. კ. ღვინის ღმერთის, დიონისეს ერთ-ერთი მუდმივი ატრიბუტი იყო.

ძვ. წ. IV–II სს. ბერძნ. თიხის შავლაქიანი კ-ები აღმოჩენილია სა­ქარ­თვე­ლო­შიც (სო­ხუ­მი, ვანი, დაბლაგომი, ფიჭვნარი, ნოქალაქევი და სხვ.).

ლიტ.: ლ ო რ თ ქ ი ფ ა ნ ი ძ ე  ო., ან­ტიკური არქეოლოგია, თბ., 1971; Блаватский В. Д., История античной расписной керамики, [М]., 1953.

ი. გაგოშიძე