კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრი (შპს), სამკურნალო დაწესებულება. 1906 წლის 15 სექტემბერს თბილისის გუბერნატორის ბრძანებით დაარსდა კანის, ვენერიული და სიფილისური დაავადებების პირველი სპეციალიზებული სამკურნალო დაწესებულება, სადაც მუშაობდნენ საქართველოში პირველი დერმატო-ვენეროლოგები – ი. ზაბლუდოვსკი და გ. გედალინი. მოგვიანებით (1918) გაიხსნა თბილ. სიფილისური საავადმყოფო ქალებისათვის. 1922 ჯანდაცვის სახ. კომისარიატში შეიქმნა ე. წ. „ვენსექცია", რ-საც დაევალა ვენერიულ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზაციულ-მეთოდური ხელმძღვანელობა. 1928 ი. ლორთქიფანიძის, ა. დიასამიძის, ი. გულაძის, ა. ჯავრიშვილის, მ. ბერიძის, გ. ფხალაძის ინიციატივით იმ დროისათვის უკვე შექმნილ ვენდისპანსერს კანისა და ვენსნეულებათა ინ-ტის ფუნქცია დაეკისრა, რ-ის მოქმედების არეალი მხოლოდ თბილისით შემოიფარგლებოდა. ამიტომ 1935 წ. 3 ნოემბერს თბილ. ინ-ტისა და დისპანსერის ბაზაზე ჩამოყალიბდა კანისა და ვენსნეულებათა სამეცნ.-კვლ. ინ-ტი, რ-საც სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ: ვ. ბურგსდორფი, პ. ბუაჩიძე, ვ. იაშვილი, ი. თოფურიძე, ი. შველიძე, ს. მაჭავარიანი, ლ. შეწირული (1970–89), ბ. ჩლაიძე (1989–2004), გ. გალდავა (2004–12).
2011 აპრილში, საქართველოში დერმატო-ვენეროლოგიური სამსახურის ოპტიმიზაციის მიზნით, კანისა და ვენსნეულებათა სამეცნ.-კვლ. ინ-ტს შეუერთდა ქ. თბილისის კანისა და ვენსნეულებათა კლინიკური დისპანსერი, რ-ის სამართალმემკვიდრე გახდა (2012) შპს კანისა და ვენსნეულებათა სამეცნ.-კვლ. ეროვნ. ცენტრი (გენ. დირექტორი გ. გალდავა).
ინ-ტში (ცენტრში) მოღვაწეობდნენ ცნობილი მეცნიერები: გ. ფხალაძე, ა. ვართაპეტოვი, პ. მგალობლიშვილი, ა. ცინცაძე, ი. ხათრიძე, პ. ფოჩხუა და სხვ.
საკავშ. სამედ. აკადემიის სამეცნ. საბჭოს გადაწყვეტილებით ინ-ტი მიჩნეულ იყო სათავო დაწესებულებად დერმატო-კურორტოლოგიის დარგში, რ-იც მუშაობდა დერმატოზებით დაავადებულთა ფიზიო- და საკურორტო თერაპიის პრინციპებისა და მეთოდების შემუშავების პრობლემაზე.
ინ-ტში ფუნქციონირებდა არაგონორეულ დაავადებათა შემსწავლელი სამეცნ. ლაბორატორია, დერმატოლოგიური განყ-ბა, სადაც, სხვა პრობლემებთან ერთად, იკვლევდნენ ფსორიაზს, ალერგოდერმატოზს, პროფესიულ დერმატოზს, კანის ლიმფომებს. ტარდებოდა მიკოლოგიური კვლევები, რ-თაც ფართოდ გაუთქვეს სახელი ქართ. მიკოლოგიურ სკოლას, აგრეთვე მნიშვნელოვანი შრომებია შესრულებული ალერგოიმუნოლოგიის ლაბორატორიაში.
ინ-ტის სამეცნ. მუშაობაში წამყვანი ადგილი ეკავა აქტუალურ მიმართულებას – ეპიდემიოლოგიურ კვლევას, დაავადებათა ადრეულ დიაგნოსტიკასა და პირველადი პრევენციის სრულყოფას. ინ-ტი იყო სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა პროფილაქტიკის ფედერალური პროგრამის კოორდინატორი, აგრეთვე დიაგნოსტიკის, მკურნალობის, პროფილაქტიკის, დახმარების ახ. მეთოდებისა და ფორმების ინიციატორი (გაიხსნა ანონიმური მიღების კაბინეტი, ანდროლოგიური განყ-ბა).
2004-იდან გ. გალდავამ, ვ. გოგოხიამ და თ. ქიტუაშვილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოში დერმატოვენეროლოგიის შემდგომი განვითარების საქმესა და მსოფლიო სტანდარტებთან მის დაახლოებაში.
ინ-ტის (ახლანდ. ცენტრის) სამეცნ. მიღწევები ასახულია სამეცნ. შრომების კრებულთა 22 ტომში, საქართვ. დერმატო-ვენეროლოგთა სამეცნ. კონფერენციების მასალებში, სახელმძღვანელოებში, მონოგრაფიებში, სამეცნ.-პოპულარულ ბროშურებში. ცენტრის მეცნიერი თანამშრომლები აქტიურად მონაწილეობენ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამართულ სამეცნ. კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. იგი წარმოადგენს თსუ-ის მედიცინის ფაკ-ტის, დ. ტვილდიანის სამედიცინო უნ-ტის, პ. შოთაძის სახ. თბილ. სამედ. აკადემიისა და სხვა მრავალი უმაღლესი სამედ. სასწავლებლის სასწავლო ბაზას დერმატო-ვენეროლოგიაში.
ცენტრი მუშაობს დერმატოლოგიური, სქესობრივი გზით გადამდებ (სგგ) დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის, ვირუსული ინფექციების, სექსოლოგიის, ანდროლოგიის და სხვ. მიმართულებით.
ცენტრი თანამშრომლობს შემდეგ საერთაშ. ორგანიზაციებთან: ჯანმო, წითელი ჯვრისა და ნახევარმთვარის საერთაშ. ფედერაცია, ექიმები საზღვრებს გარეშე, ჯანდაცვის საერთაშ. ქსელები და სხვ.
1946 კანისა და ვენსნეულებათა სამეცნ.-კვლევითი ინ-ტის ბაზაზე ჩამოყალიბებულ საქართვ. დერმატოლოგ-ვენეროლოგთა საზ-ბას ჰქონდა სამი ფილიალი – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. გასული საუკუნის 70–80 წლებში მას ხელმძღვანელობდა ლ. შეწირული.
2004 დაფუძნდა თბილ. დერმატო-ვენეროლოგთა სამეცნ.-პროფ. საზ-ბა (თავ-რე – გ. გალდავა), რ-ის მიზანს წარმოადგენდა დერმატოვენეროლოგთა პროფესიული დონის ამაღლება, კანისა და სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა პრევენციასა და მკურნალობაში საერთაშ. სტანდარტების დამკვიდრება და სხვ. 2006 ქ. ბათუმში გაიმართა საქართვ. დერმატო-ვენეროლოგთა პირველი შეკრება, სადაც გადაწყდა თბილ. დერმატო-ვენეროლოგთა სამეცნ.- პროფ. საზ-ბას შეცვლოდა წესდება, სახელი და დაფუძნებულიყო საქართვ. დერმატო-ვენეროლოგთა ასოციაცია.
ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის ორგანიზაციებთან. მისი ზოგიერთი წევრი არჩეულია უცხოეთის ასოციაციების საპატიო წევრად. ისინი აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა ჰუმანიტარულ აქციაში.
გ. გალდავა