კანკავა გურამ ისაის ძე (10. XI. 1928, თბილისი, – XI. 1992, იქვე), კრიტიკოსი, ლიტერატურის ისტორიკოსი. ფილოლ. მეცნ. კანდიდატი (1963). დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1952). სხვადასხვა დროს მუშაობდა გაზ. „ზარია ვოსტოკას" რედაქციაში, გამომც. „საქმედგამში" (რედაქტორად), 1953–59 – საქართვ. განათლების მუზეუმში, 1959–92 კი – შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტ-რის ინ-ტში. წერილებს აქვეყნებდა 1955-იდან. პირველი წიგნი „ლიტერატურული ეტიუდები" 1964 გამოსცა. კ-ს ეკუთვნის წიგნები: „ისტორიული რომანი და მისი ქართული ტრადიციები" (1969), „ლიტერატურული შენიშვნები" (1972), „ქართველი მწერლები და ლიტერატურული სამანები" (1978), „ლიტერატურული წერილები" (1980, 1985), „წერილები და პორტრეტები" (1985). კ. გამოირჩეოდა ერუდიციით, დახვეწილი გემოვნებითა და უტყუარი ლიტ. ალღოთი.