კანონიზაცია (ლათ. canonizatio <ბერძნ. kanonizō – ვაკანონებ; კანონის საფუძველზე განსაზღვრება, დაკანონება), გარდაცვლილი ქრისტიანი მოღვაწის წმინდანად შერაცხვა. პირველ საუკუნეებში წმინდანად შერაცხვას სტიქიური ხასიათი ჰქონდა და მისი სისტემატიზაციის პრინციპები დასავლეთის ეკლესიაში თანდათანობით ჩამოყალიბდა. კ-ის მტკიცედ განსაზღვრული წეს-განგება რომის პაპმა ალექსანდრე III-მ შემოიღო XII ს. II ნახ-ში, ხოლო 1200 პაპმა ინოკენტი III-მ კ. რომის პაპების პრეროგატივად აქცია. კათოლიკურ ეკლესიაში კ. ორი ეტაპისაგან შედგება: ბეატიფიკაცია – ნეტარად შერაცხვა და საკუთრივ კ., რ-იც მკაცრად დადგენილ სავალდებულო წესებს ემორჩილება. მართლმადიდებელ ეკლესიაში ამგვარი მკაცრი რეგლამენტაცია არ არსებობს. წმინდანად შერაცხვისას მთავარი ყურადღება ექცევა ქრისტიანი მოღვაწის რწმენის სიწმინდეს, სათნო ცხოვრების წესს, სარწმუნოების დასაცავად გამოჩენილ სიმტკიცეს, სასწაულებს და ა. შ.
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს მართლმადიდებელ ეკლესიაში წმინდანთა კ-ს წმ. სინოდი ახდენს. ეკლესია განასხვავებს წმინდანთა სხვადასხვა დასებს: წინასწარმეტყველნი, მოციქულები, სწორნი, დიდმოწამენი, მოწამენი, მღვდელმოწამენი, წმ. მამები, მართალნი, ღირსნი, აღმსარებელნი, უვერცხლონი, სალოსნი და ა. შ.
ლიტ.: П а в л о в А. С., Курс Церковного права, СПб., 2002; Православная энциклопедия, т. 30, М., 2012; Ц ы п а н В., Церковное право, М., 2009.
ზ. ეკალაძე