კანონიკა

კანონიკა, კანონიკური ლ ი ტ ე ­რ ა ტ უ რ ა, სასულიერო მწერლობის დარგი; მოიცავს საეკლ. იურიდიულ ლიტ-რას, რ-იც უმაღლე­სი საეკლესიო ორგანოების მიერ იყო ნებადართული იურიდიულ საკითხებში პრაქტიკული ხელმ­ძღვანელობისათვის. კ-ის პირ­ველი ძეგლების აღმო­ცენება ბიზანტ. საეკლ. მწერლობის საწყი­სებს უკავშირდება; ბიზანტიაში მათი კრებულებში გაერთიანება ქრისტიანობის ადრეული პერიოდიდან დაიწყო და 883 ჩა­მო­ყალიბ­და „ნომოკანონის" სახით. ქართ. კანონიკური მწერლობა ექვთიმე მთაწმიდლის (X ს.) მი­ერ ბერძნულიდან თარგმნილი „მცირე სჯულისკანონით" იწყება. კრებულში გაერთიანებულ სხვა­და­სხვა პერიოდის თხზულებათაგან ­ცენტრ. ადგი­ლი უჭირავს VI მსოფლიო კრების კანონებს, რ-ებიც საფუძვლიანად განსხვავდება დედნისაგან. როგორც ჩანს, ექვთიმე მთა­წმიდელს შეუდგენია ნახევრად ორიგ. კოდექსი, რ-შიც გაუერთიანებია იმდროინდელი მო­ქმედი საეკლ. კანონები. XI ს. მი­წურულს ან XII ს. დამდეგს არსენ იყალთოელმა ბერძნულიდან თარგმნა „ნომოკანონი" „დიდი სჯულისკანონის" სახელწოდებით. სავარაუდოდ XII ს-ში ბერძნულიდან უნდა იყოს ნათარგმნი „კითხვანი მონაზონისა ვისნიმე, რთა ახსნა გამოსცა პეტრე პატრიარქმან ხარტოფილაქსმან". კანონიკურ ძეგლად უნდა ჩაითვალოს XV ს. ანტიოქია-იერუსალიმის პატრიარქის, მიხაილის მიერ იოაკიმე ბედიელის აფხაზეთის კათალიკოსად დად­გინებასთან დაკავშირებით გამოგზავნილი ეპისტოლე, ე. წ. „სასჯულო მცნება". ანტონ I-მა სომხურიდან თარგმნა III მსოფლიო კრების (ეფესოს) აქტები (1776). ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებულში, სხვა მასალასთან ერთად, შეტანილია „სამართალი ბერძული", რ-იც ერთ-ერთი ბიზანტიური „ნომოკანონის" (XIII–XIV სს.) თარგმანია. ქართ. ორიგინ. კ-ის სათავედ უნდა მივიჩნიოთ ექვთიმე მთაწმიდლის პასუხები გიორგი ჭყონდიდლის შეკითხვებზე, რ-ებშიც საეკლ. სამართლის საკითხებიც არის განმარტებული.

ქართ. კ-ის უმნიშვ­ნე­ლო­ვანესი ძეგლია რუის-ურბნისის საეკლესიო კრების დადგენილებანი, ე. წ. „ძეგლისწერა". სხვა ძეგლთაგან აღსანიშნავია „კათალიკოსთა სამართალი", 1543–49 იმე­რეთ­ში მოწვეული საეკლ. კრების კანონთა კრებული, 1762 ერეკ­ლე II-ისა და იოსებ კათალიკოსის ინიციატივით მოწვეული საეკლ. კრების კანონთა კრებული, ანტონ I-ის მიერ შედგენილი კანონიკური ეპისტოლე და სხვ. საეკლ. სამართლის საკითხებს ხშირად ეხება დოკუმენტები, რ-ებიც სიგელებისა და გუჯრების სახელწოდებითაა ცნობილი.

გამოც.: დიდი სჯულისკანონი, გამოსცეს ე. გაბიძაშვილმა, ე. გიუნაშვილმა, მ. დოლაქიძემ, გ. ნინუამ, თბ., 1975; მცირე სჯულისკანონი, ე. გიუნა­შვი­ლის გამოც., თბ., 1972; ქარ­თული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 1–5, თბ., 1963–74.

ლიტ.: კ ე კ ე ლ ი ძ ე  კ., ქარ­თული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960; ჯ ა ვ ა ხ ი ­შ ვ ი ­ლ ი  ივ., ქარ­თული სამართლის ისტორია, წგ. 1, ნაკვ. 1, ტფ., 1928 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 6, თბ., 1982).

ე. გაბიძა­შვი­ლი