კანონი მეწარმეთა შესახებ, მეწარმე სუბიექტების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმების მომწესრიგებელი კანონი საქართველოში. შეიქმნა ქართვ. და გერმ. იურისტების ერთობლივი მუშაობის შედეგად. მიღებულია 1994 წ. 28 ოქტომბერს, ამოქმედდა 1995 წ. 1 მარტიდან. კანონი განიხილავს ექვს მეწარმე სუბიექტს: ინდივიდუალურ მეწარმეს, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებას (სპს), კომანდიტურ საზოგადოებას (კს), შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას (შპს), სააქციო საზოგადოებას (სს), კოოპერატივს. სხვადასხვა დროს ითვალისწინებდა სახაზინო საწარმოსა და სამეწარმეო ამხანაგობის არსებობასაც, რ-ებიც ამჟამად გაუქმებულია. ყველა მეწარმე სუბიექტს, ინდივიდ. მეწარმის გარდა, იურიდ. პირის სტატუსი აქვს. კ. მ. შ. შედგება ზოგადი და კერძო ნაწილებისაგან.
ზოგადი ნაწილი არეგულირებს მეწარმე სუბიექტების მოწყობის ზოგად საკითხებს [მეწარმე სუბიექტები, მათი დაფუძნება, რეგისტრაცია, პასუხისმგებლობა, შენატანი, საფირმო სახელწოდება, ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა, პროკურა (გენერალური სავაჭრო მინდობილობა) და იურიდ. მოქმედებათა განხორციელების უფლებამოსილება, ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია, ხანდაზმულობა], ხოლო კერძო ნაწილი – მეწარმე სუბიექტების (იურიდიული პირი) მოწყობის სპეც. საკითხებს. ამ კანონმა საფუძველი ჩაუყარა საქართველოში საკორპორაციო სამართლის განვითარებას. მიღების შემდეგ მასში მრავალი ცვლილება შევიდა და თავდაპირველი მოდელი მნიშვნელოვნად შეიცვალა, თუმცა დღემდე სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების სამართლებრივი მოწყობის ძირითად ნორმატიულ ბაზად რჩება.
წყარო: კანონი მეწარმეთა შესახებ, «საქართველოს პარლამენტის უწყებები», 1994, №21–22, მ.455.
ლიტ.: ჭ ა ნ ტ უ რ ი ა ლ., კანონი მეწარმეთა შესახებ და საკორპორაციო სამართლის წარმოშობა საქართვლოში. სერგო ჯორბენაძის 70 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული, თბ., 1996; ჭ ა ნ ტ უ რ ი ა ლ., ნ ი ნ ი ძ ე თ., მეწარმეთა შესახებ კანონის კომენტარი, თბ., 2002.
ლ. ლაზარაშვილი