კაოლინი, სხვადასხვა ელფერის თიხიანი ქანი. კ. ჩინური სიტყვაა და ნიშნავს მაღალ ბორცვს. შედგება უმთავრესად მინერალ კაოლინიტისაგან Al4 Al4[Si4O10](OH)8. კ-ის აგრეგატები არის მიწისებრი, ფხვიერი, წმინდამარცვლოვანი, ცეცხლგამძლე. მინარევები ქანს აძლევს მოყვითალო, მოწითალო, მურა მტრედისფერ შეფერილობას. კ. წარმოიქმნება პირველადი ქანების გამოფიტვით, კაოლინიზაციით. არჩევენ კრისტალური ქანების გამოფიტვით წარმოქმნილ პირველად და პირველადი კ-ის გადალექვით წარმოქმნილ მეორეულ კ-ს. ცნობილია მეტამორფული წარმოშობის კ-ც. კ-ს იყენებენ ფაიფურის დასამზადებლად, პარფიუმერიაში, კერამ., ქაღალდის, რეზინის, საღებავების წარმოებაში და სხვ.
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი კ-ის საბადოებია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში (მაკვანეთი, უჩხუბი, გოგოლაური), იმერეთში (ჯვარისა, სორმონი, ზარათი, გურნა, თამარისეული, ორპირი, ოჯოლა, შროშა), ცხინვალთან (ოჯორისწყლის ხეობა), შიდა ქართლში (ნაბაკევი, ლისა, ჩრდილეთი), ბოლნისის მუნიციპალიტეტში (დარბაზი) და სხვ.
ვ. ზუხბაია
ნ. ფოფორაძე