კაპანელი კონსტანტინე გრიგოლის ძე

კაპანელი (­ნამდვ. გვარი – ჭ ა ნ ტ უ რ ა ი ა ) კონსტანტინე გრიგოლის ძე (5. V. 1889, სოფ. კაპანა, ახლანდ. აბაშის მუნიციპალიტეტი, – 11. XII. 1952, თბილისი), ფილოსოფოსი, ხელოვნების სოციოლოგი, ­ლიტერატურათმცო­დნე. სწავლობდა ქ. ფოთის საქალაქო გიმნაზიაში, შემდეგ ნანსისა და გრენობლის (საფრანგეთი) უნ-ტებში. გრენობლის უნ-ტის სიტყვიერების ფაკ-ტის დამთავრების შემდეგ, კ-ს, როგორც დოქტორანტს, უფლება დართეს წარედგინა დი­სერ­ტა­ცია თემაზე "შოთა რუსთაველის მორალური და ფილოსოფიური იდეები". 1910 კ. სამშობლოში დაბრუნდა. 1931-იდან იყო თბილისის პედ. ­ინ-ტის დას. ევროპის ენების კა­თე­დ­რის გამგე, პარალელურად თსუ-ში კითხულობდა ლექციებს ლიტ. თეორიასა და ევროპის ლიტ. ისტორიაში; ხელმ­ძღვა­ნე­ლობ­და მსოფლიო ლიტ. კა­თედ­რას (1931–49); 1946-იდან მუ­შა­ობ­და სა­ქართვ. მეცნ. აკადემიის ფილოსოფიის ინ-ტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად. იყო სა­ქართვ. მწერალთა კავშირისა და მწე­რალ­თა გაერთიანება „არიფიონის" წევრი, ჟურნ. „არიფიონის" ერთ-ერთი თანაავტორი. 1940 უმაღლესმა საატესტატო კომისიამ მეცნ. დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად დისერტაციის დაცვის ნება დართო თემაზე „მშვენიერების წარმოშობის შე­სა­ხებ" (მეცნ. კანდიდატის ხარისხის დაუცველად). 1949, კოსმოპოლი­ტიზმის წინააღმდეგ წამოწყებული კამპანიის პირობებში, კ. გაათავისუფლეს ყველა სამსახურიდან და, შესაბამისად, შეწყდა მისი შრომების გამოქვეყნება. მოგვიანებით კ-ს ლექციების წაკითხვის უფლება დართეს მხოლოდ ბათუმის პედ. ინ-ტში.

კ-ის პირველი ფილოს. ნაშრომები („ნიცშეანელობის ლაიტმოტივები", „ტანჯვის იდეა და ზეკაცის პოეზია ქარ­თულ ლი­ტერა­ტუ­რა­ში", „ტანჯვა და შემოქმედება") წარმოადგენს სიცოცხლის ფილოსოფიის (ძირითადად ვ. ჰიუგოს, ფ. ნიცშეს, ო. შპენგლერის, ნაწილობრივ კი ვ. დილთაის, ა. ბერგსონისა და ნ. ბერდიაევის) უმთავრესი იდეების საფუძველზე ქართ. კულტურის ცალკეული ფენომენის ანალიზის მცდელობას. კაცობრიობის ისტორია, კ-ის აზრით, წარმოადგენს მარადიული ბრძოლისა და დაპირისპირების არენას, სადაც არაფერი ხორციელდება ტანჯვის გარეშე. ამ პროცესის წარმმართველი ძალაა ორგანიზმების ­ინსტინქტური სწრაფვა სიცოცხლისაკენ. რელიგიური და სოც. იდეალები ერთნაირად განუხორ­ციელებელია, რად­გან კაცობრიობის ისტორიასა და კულტურას არ გააჩნია საზრისი და საბოლოო მიზანი. ბიოლ. საწყისი განსაზღვრავს ცალკეული ინდივიდისა და მთლიანად კაცობრიობის არსებობას. ძლიერი პიროვნებებისთვის ცხოვრება წარმოადგენს ესთეტიკური ტკბობის სფეროს; კ-ის აზრით, სიცოცხლის იდეალისაკენ სწრაფვაში განსაკუთრებული როლი ეკისრებათ გენიოსებს. გენიოსის შემოქმედების განმსაზღვრელი ფაქტორია უშუალო განცდის სიძლიერე, სუბიექტური ფსიქოლ. მოტივები და არა სოციალურ-ეკონ. გარემო. ამიტომ, კ-ის აზრით, პოეტური შემოქმედების საიმედო მეთოდი პოეტურ განცდათა ფსიქოლ. ანალიზია. მოგვიანებით კ. შეეცადა საკუთარი მსოფლმხედველობის ბიოლოგისტურ მოტივებთან მარქსიზმის თეორიის ცალკეული იდეების შეთანხმებას; ნაშრომში "სოციალური ესთეტიკის საფუძვლები: ორგანოტროპიზმი" კ. ავითარებს ესთეტიკური პრინციპების სოციალური ფაქტორებით განსა­ზღვრულობის იდეას, რ-ის თანახმად, ყოველი ხალხის და ყოველი საუკუნის სოციალურ-ისტ. პირობების კომპლექსი თავისებურ ხასიათს ანიჭებს ხელოვნების ესთეტიკურ-ფილოს. იდეალებს. ხე­ლოვნებასა და სოც. გარემოს შორის ორგანოტროპული კავშირი გულისხმობს კორელაციას: მდგომარეობა აძლევს ფორმას სულიერებას, მაგრამ მდგომარეობის შეცვლის დაჩქარება შეუძლია სულიერების გავლენას.

კ. უკიდურესი რელატივიზმისა და აგნოსტიციზმის პოზიციის დამცველია. იგი უარყოფს ცოდნის ობიექტურ ხასიათს და მეცნიერების თეორ. ღირებულებას. მეცნიერების წარმოშობას ცხოვრების პრაქტ. ინტერესები განაპირობებს, მაგრამ მეცნიერებამ არაფერი უწყის მოვლენათა არსის შე­სა­ხებ. სოც. და სა­ბუ­ნების­მე­ტყვე­ლო მეცნიერების ცნებები მხო­ლოდ ყოფიერების შესაძლებლობებს გამოხატავენ და აბსოლუტური მნიშვნელობა არ გააჩნიათ. ა. ბერგსონის მსგავსად, კ-ს მიაჩნია, რომ აზროვნება მთელი მატერიისთვისაა დამახასიათებელი, რადგან აზროვნება ორგანული მატერიის გარეშე არ არსებობს. არ არსებობს მატერია სულის გარეშე და სული მატერიის გარეშე. სული მატერიის დინამიკური სახეა, მატერია კი – სულის სტადიური მდგომარეობა.

სიცოცხლის ბოლო წლებში კ-ის კვლევის ძირითადი მიმართულება იყო ქართ. ლიტ-რის სოციოლოგიური ანალიზი. მან ვრცელი გამოკვლევა მიუძღვნა შოთა რუსთაველის მსოფლმხედველობას. იდეოლ. წნეხის პირობებშიც კი კ. ახერხებდა ობიექტურად შეეფასებინა ქართ. კულტურის წინაშე ი. ჭავჭავაძისა და მ. ჯავახი­შვი­ლის დამსახურება. ევროპული ლიტ-რის საფუძვლიანი ცოდნა მას საშუალებას აძლევდა შუა საუკუნეებისა და თანამედროვე ქართული ლიტ-რის ნიმუშები ეკვლია შესაბამისი დროის ევრ. ლიტ-რის კონტექსტში და განესაზღვრა მათი მნიშვნელობა და ადგილი მსოფლიო ლიტ. ისტორიაში.

თხზ.: სოციალური ესთეტიკის საფუძვლები: ორგანოტროპიზმი, ტფ., 1925; სოციალური მიმოქცევის იდეა ორგანოტროპიზმის სისტემიდან, «არიფიონი», 1928, №1; ქარ­თული ლიტერატურის [სოციალური] გენეზისი: პრინციპული ნარკვევი, ტფ., 1928; მოცარტი, ბეთჰოვენი, ვაგნერი, თბ., 1937; მეტყველებისა და ლიტერატურის პრობლემები, თბ., 1938; ფაშიზმი კულტურის მტერია, თბ., 1943; ფილოსოფიური შრომები, თბ.: 1996; რენესანსი ლი­ტერა­ტუ­რა­ში, თბ., 2014; Стихи философа: Юношеские мечты, Поти, 1909; Страдание и творчество: Фрагменты, Тфл.,1917.

ლიტ.: ბ ა გ რ ა ტ ი ო ნ ი  ი., კონსტანტინე კაპანელის ფილოსოფია, ბათ., 2008; გ ო გ ი ბ ე რ ი ძ ე  მ., ორგანოტროპიზმი, «მნათობი», 1925, №8–9; კ ა რ ტ ო ზ ი ა  ბ., ნარკვევები ქარ­თული სოციოლოგიური აზრის ისტორიიდან, თბ., 1986.

გ. ხეო­შვი­ლი